"სამწუხაროა, რომ კვლავ ხდება ზოგიერთი პოლიტიკოსის მხრიდან ადამიანის სიცოცხლით თუ სიკვდილით სპეკულირება", - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, რითაც გამოეხმაურა UNESCO-ს მიერ მსოფლიოში მოკლული ჟურნალისტების სიაში „ტვ პირველის“ ოპერატორის ლექსო ლაშქარავა შეყვანას.
როგორც პაპუაშვილმა აღნიშნა, იუნესკო საგამოძიებო ორგანო არაა და მას უბრალოდ საქართველოს მთავრობასთან აქვს შეკითხვა გაგზავნილი.
„იუნესკო აწარმოებს სიას, როდესაც ხდება ჟურნალისტების გარდაცვალება. ამ შემთხვევაში, როგორც ვნახე, მთავრობაშია მოკითხული, რა ვითარება იყო ამასთან დაკავშირებით. შინაგან საქმეთა სამინისტრო და პროკრატურა გააკეთებს განცხადებას. გამოძიება მიმდინარეობს, ექსპერტიზაცაა ჩატარებული და საზოგადეობამ იცის წინასწარი მონაცემები. სამწუხაროა, რომ კვლავ ხდება ზოგიერთი პოლიტიკოსის მხრიდან ადამიანის სიცოცხლით თუ სიკვდილით სპეკულირება. პარტიების წარმომადგენლები ახდენენ სპეკულაციას. ვინც ნახა იუნესკოს ეს სია, წერია, რომ მოკითხულია მთავრობასთან, რა ვითარებაში გარდაიცვალა ეს ოპერატორი. იუნესკო არ არის საგამოძიებო ორგანო და დასკვნებს არ აკეთებს. იქ ეს საკითხი ღია საკითხადაა მითითებული და ელოდებიან პასუხს“,- განაცხადა პაპუაშვილმა.
ცნობისთვის, „ტვ პირველის“ ოპერატორი ლექსო ლაშქარავა 11 ივლისს საკუთარ სახლში გარდაცვლილი იპოვეს. მას 5 ივლისს, „თბილისი პრაიდის" წინააღმდეგ გამართული აქციის გაშუქების დროს, ინგოროყვას ქუჩაზე მდებარე ორგანიზაცია „სირცხვილიას“ ოფისში, სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას ფიზიკურად გაუსწორდნენ.
ასევე წაიკითხეთ: UNESCO-მ მსოფლიოში მოკლული ჟურნალისტების სიაში „ტვ პირველის“ ოპერატორი ლექსო ლაშქარავა შეიყვანა
DRI: ლექსო ლაშქარავას გარდაცვალების ფაქტის გამოძიება უსაფუძვლოდ ჭიანურდება