სახელმწიფო ექსპერტიზის ბიუროს დასკვნის მიხედვით, „ტვპირველის“ ოპერატორი, ლექსო ლაშქარავა ნარკოტიკული საშუალება ჰეროინით ინტოქსიკაციით გამოწვეული გულ-სისხლძარღვთა და სუნთქვის მწვავე უკმარისობით გარდაიცვალა. რადიო თავისუფლების ინფორმაციით, ეს დასკვნა შინაგან საქმეთა სამინისტრომ 30 დეკემბერს მიიღო.
ექსპერტიზის ბიუროს ამ დასკვნის მოსამზადებლად 5 თვეზე მეტი დასჭირდა.
ექსპერტიზის დასკვნაში საუბარია თვალბუდის ფსკერის დაზიანებაზე, მრავალფრაგმენტულ მოტეხილობაზე, სისხლნაჟღენთებსა და ნაჭდევებზე, ასევე თავის ტვინის შერყევაზე, თუმცა ექსპერტი მათ სიკვდილის გამომწვევ მიზეზად არ მიიჩნევს.
„დაზიანებები განვითარებულია რაიმე მკვრივ-ბლაგვი საგნის მოქმედებით, ცოცხალ პირთა სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზისას სხეულის დაზიანების ხარისხის განსაზღვრის დროს დაზიანებები ერთობლიობაში აღებული ატარებენ ნაკლებად მძიმე ხარისხის დაზიანების ნიშნებს და არ იმყოფებიან მიზეზობრივ კავშირში დამდგარ შედეგთან", - წერია დასკვნაში.
ამ დასკვნას ხელს აწერს ლაშქარავას წარმომადგენლების მხრიდან დამოუკიდებელ ექსპერტად ჩართული ალექსანდრე გეჯაძეც.
საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციაში, რომელიც ლაშქარავას ინტერესებს წარმოადგენს გამოძიების პროცესში, განაცხადეს, რომ მათთვის არავის უცნობებია, რომ ექსპერტიზა დასრულდა.
„შინაგან საქმეთა სამინისტროს მხრიდან არანაირი კომუნიკაცია ჩვენთან არ ყოფილა ამ ექსპერტიზის დასკვნის გაცნობასთან დაკავშირებით და რა თქმა უნდა, დროში რომ ემთხვევა ექსპერტიზის დასკვნის გამოქვეყნება იუნესკოს გადაწყვეტილებას, ეს ბადებს კითხვებს იმასთან დაკავშირებით, როგორ მიმდინარეობდა ექსპერტიზის პროცესი. სიღრმეებში ჩასვლა გამიჭირდება ამ დასკვნასთან მიმართებით, თუმცა ერთი საინტერესო საკითხია ამ დასკვნაში მონაწილე ექსპერტებთან დაკავშირებით: ჩვენ შემოგვთავაზა შინაგან საქმეთა სამინისტრომ, ოჯახს შეეთავაზებინა საერთაშორისო ექსპერტები, რომლებიც მონაწილეობას ჩაატარებდნენ ექსპერტიზას და დადებდნენ დასკვნას“, - განაცხადა საიას ხელმძღვანელმა, ნიკა სიმონიშვილმა.
შეგახსენებთ, „ტვ პირველის“ ოპერატორი ლექსო ლაშქარავა 11 ივლისს საკუთარ სახლში გარდაცვლილი იპოვეს. მას 5 ივლისს, „თბილისი პრაიდის" წინააღმდეგ გამართული აქციის გაშუქების დროს, ძალადობრივი ჯგუფები ინგოროყვას ქუჩაზე მდებარე ორგანიზაცია „სირცხვილიას“ ოფისში, სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას ფიზიკურად სასტიკად გაუსწორდნენ.
5 ივლისს, ძალადობრივი ჯგუფების მხრიდან, 50-ზე მეტი ჟურნალისტის ფიზიკური დაზიანების გამო, ამ ეტაპზე პატიმრობაშია რამდენიმე პირი, თუმცა აქციის ორგანიზატორებისა და დაზარალებულების თქმით, ძალადობის ორგანიზატორები დღემდე არ დასჯილან. 5 ივლისს მომხდარის გამო, საქართველოს ხელისუფლების მიმართ საერთაშორისო პარტნიორების მხრიდან არაერთი კრიტიკული შეფასება გავრცელდა.
UNESCO-მ მსოფლიოში მოკლული ჟურნალისტების სიაში „ტვ პირველის“ ოპერატორი ლექსო ლაშქარავა შეიყვანა