მერია საახალწლო გალა-კონცერტზე 0.5 მლნ ლარის დახარჯვას გეგმავს

თბილისის მერია 2021 წლის შესახვედრად საახალწლო კონცერტის ჩატარებას გეგმავს. კონცერტის ღირებულება 491 ათასი ლარი იქნება და მას მერია ქვეყანაში არსებული "ლოქდაუნის" მიუხედავად გამართავს.

სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს ვებგვერდის თანახმად, მერია ამ მომსახურების შესყიდვას გამარტივებული გზით გეგმავს. შესყიდვის განაცხადში მითითებულია, რომ კონცერტმა მოქალაქეებს საახალწლო განწყობა უნდა შეუქმნას.

"ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერია 2021 წლის შესახვედრად და დედაქალაქში საზეიმო განწყობის შესაქმნელად ქვეყანაში არსებული ეპიდემიოლოგიური ვითარების გათვალისწინებით და შესაბამისი რეგულაციების დაცვით საახალწლო კონცერტის ჩატარებას გეგმავს, რომლის ნახვის საშუალება საზოგადოებას პირდაპირი ეთერის მეშვეობით ექნება. 31 დეკემბერს, თემატურად დეკორირებულ სცენაზე გალა კონცერტი, მაყურებლის გარეშე პირდაპირი ეთერის საშუალებით გაიმართება. საახალწლო გალა კონცერტის კონცეფცია ეფუძნება წლის მოვლენას - სახლების აივნებზე, ტერასებზე, სახურავებსა და ფანჯრებიდან მოწყობილი პერფორმანსების იდეას.

სცენის დეკორაცია მოწყობილი იქნება, როგორც რამდენიმე სართულიანი აივნებიანი, ტერასებიანი სახლი. აივნებზე, ტერასებზე, ფანჯრებიდან შესრულდება მუსიკალური ნომრები პირდაპირ ეთერში. პარალელურად იქნება პირდაპირი ჩართვები სხვადასხვა უბნებიდან, ქალაქებიდან სხვადასხვა შემსრულებლების ტერასებიდან, აივნებიდან და ფანჯრებიდან.კონცერტში მონაწილეობას 30-მდე სოლო შემსრულებელი, ბენდები, ანსამბლები, კლასიკური ჟანრის მომღერლები, მსახიობები მიიღებენ. სცენაზე უმეტესად ახალგაზრდები იქნებიან წარმოდგენილნი, მაღალი რისკის მქონე ასაკოვანი შემსრულებლები ჩაერთვებიან საკუთარი, საახალწლოდ მოწყობილი, სახლის ფანჯრებიდან, აივნებიდან, ტერასებიდან. ჩართვებში გამოჩნდებიან რიგითი მოქალაქეებიც და ე.წ. ცნობადი სახეები", - ნათქვამია განაცხადში.

მომსახურების უტენდეროდ შესყიდვასთან დაკავშირებით, თბილისის მერიამ შესყიდვების სააგენტოში წარადგინა მთავრობის ადმინისტრაციის განკარგულების პროექტი, რომელიც მათ 491 ათას ლარის ღირებულების კონცერტის გამართვისთვის პირდაპირი შესყიდვის განხორციელების უფლებას აძლევს.

წყარო