საგარეო უწყება: ლექსო ლაშქარავას შემთხვევის თაობაზე UNESCO გამოძიების დასრულებას ელოდება

"ლექსო ლაშქარავას შემთხვევის თაობაზე იუნესკო ელოდება გამოძიების დასრულებას, საბოლოო ინფორმაციას სახელმწიფოს მხრიდან, რის შედეგადაც მონაცემი განახლდება", – ამის შესახებ საქართველოს პირველ არხს საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერმა, მარი ნარჩემაშვილმა განუცხადა.

„იუნესკო-ს მიერ გამოქვეყნებული სია, მთელ მსოფლიოში ჟურნალისტებთან დაკავშირებით მომხდარ ინციდენტებზე, არ არის ახალი. სია გამოქვეყნდა გასული წლის ივლისში, ლექსო ლაშქარავას შემთხვევიდან ძალიან მალე და შესაბამის გრაფაში აღნიშნულია კიდეც, რომ ეს არის ახალი შემთხვევა – რაც არის იმის ინდიკაცია, რომ იუნესკო ელოდება გამოძიების დასრულებას, აღნიშნული შემთხვევის თაობაზე საბოლოო ინფორმაციას სახელმწიფოს მხრიდან.

როგორც იცით, არსებობს შესაბამისი დასკვნა, რომელიც საგარეო საქმეთა სამინისტრომ გამოითხოვა შსს-დან და რომელიც გაეგზავნება იუნესკო-ს, რის შედეგადაც მოხდება აღნიშნული მონაცემის განახლება. ეს არის ჩვეულებრივი პრაქტიკა, რომელსაც იუნესკო მიმართავს“, – განაცხადა მარი ნარჩემაშვილმა.

ცნობისთვის, „ტვ პირველის“ ოპერატორი ლექსო ლაშქარავა 11 ივლისს საკუთარ სახლში გარდაცვლილი იპოვეს. მას 5 ივლისს, „თბილისი პრაიდის" წინააღმდეგ გამართული აქციის გაშუქების დროს, ინგოროყვას ქუჩაზე მდებარე ორგანიზაცია „სირცხვილიას“ ოფისში, სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას ფიზიკურად გაუსწორდნენ.

UNESCO-მ მსოფლიოში მოკლული ჟურნალისტების სიაში „ტვ პირველის“ ოპერატორი ლექსო ლაშქარავა შეიყვანა

ასევე წაიკითხეთ: შალვა პაპუაშვილი: UNESCO-ს საქართველოს მთავრობასთან შეკითხვები უბრალოდ აქვს