ნიკა სიმონიშვილი: ლექსო ლაშქარავას ექსპერტიზის დასკვნა გაუგებარი ფორმით გასაჯაროვდა

„ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ თავმჯდომარე, „ტვ პირველის“ ოპერატორის, ლექსო ლაშქარავას ოჯახის ადვოკატი, ნიკა სიმონიშვილი მიიჩნევს, რომ ექსპერტიზის დასკვნის გასაჯაროება გაუგებარი და მიუღებელი ფორმით მოხდა.

„ლექსო ლაშქარავას გარდაცვალების მიზეზზე ჩატარებულ ექსპერტიზის დასკვნასთან დაკავშირებით მინდა რამდენიმე საკითხზე გავამახვილო ყურადღება, რაც საზოგადოებისთვის არ არის ცნობილი:

ექსპერტთა ჯგუფის დაკომპლექტებისას, შსს-მ საჯაროდაც და პირადადაც შესთავაზა ოჯახს საერთაშორისო ექსპერტების დასახელება, რომლებიც მონაწილეობას მიიღებდნენ შეფასებაში. ჩვენ შევთავაზეთ ამერიკელი ან ბრიტანელი სახელმწიფო ექსპერტების მოწვევა, მაგრამ შსს-მ უარი გვითხრა, იმ მოტივით, რომ არ გვაქვს ჩვენ მათთან თანამშრომლობის გამოცდილებაო, რის შემდეგაც შემოგვთავაზეს შვეიცარიელი ექსპერტების ჩართვა, რომლებიც საბოლოოდ არ მოიწვიეს და ისევ სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროში, ქართველი ექსპერტების მონაწილეობით ჩატარდა ექსპერტიზა.

მეორე საკითხი, რაც ასევე ძალიან მნიშვნელოვანია, არის ის, რომ ლექსოს ცხედარი გაიტაცეს მაშინ, როდესაც ოჯახის ადვოკატები გზაში ვიყავით და ლექსოს სახლისკენ მივდიოდით, ხოლო დაახლოებით 4 საათის განმავლობაში ჩვენთვის უცნობია, რამე მანიპულირება ხომ არ მოხდა ცხედარზე", - განაცხადა სიმონიშვილმა.

ცნობისთვის, „ტვ პირველის“ ოპერატორი ლექსო ლაშქარავა 11 ივლისს საკუთარ სახლში გარდაცვლილი იპოვეს. მას 5 ივლისს, „თბილისი პრაიდის" წინააღმდეგ გამართული აქციის გაშუქების დროს, ინგოროყვას ქუჩაზე მდებარე ორგანიზაცია „სირცხვილიას“ ოფისში, სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას ფიზიკურად გაუსწორდნენ.

ასევე წაიკითხეთ: UNESCO-მ მსოფლიოში მოკლული ჟურნალისტების სიაში „ტვ პირველის“ ოპერატორი ლექსო ლაშქარავა შეიყვანა

საგარეო უწყება: ლექსო ლაშქარავას შემთხვევის თაობაზე UNESCO გამოძიების დასრულებას ელოდება