NATO-ს გაფართოება უკიდურესად მნიშვნელოვანია ევროპაში სტაბილურობის, მშვიდობისა და დემოკრატიისთვის, – განაცხადა NATO-ს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე.
NATO-ს გენერალურმა მდივანმა უპასუხა შეკითხვას, როგორ აპირებს ნატო უკრაინისა და საქართველოს პრაქტიკული პოლიტიკური მხარდაჭერის გაძლიერებას და რუსეთის დარწმუნებას, რომ მას არ აქვს საქართველოსა და უკრაინის გაწევრიანების დაბლოკვის, ვეტოს გამოყენების უფლება; ასევე, დგას თუ არა მომდევნო კვირაში დაგეგმილ შეხვედრაზე ნატო-ს მომავალი გაფართოების, საქართველოსა და უკრაინის საკითხი.
„ვფიქრობ, უნდა გვესმოდეს, რომ NATO-ს გაფართოება უკიდურესად მნიშვნელოვანია ევროპაში სტაბილურობის, მშვიდობისა და დემოკრატიის თავისუფლებისთვის. NATO-სა და ევროკავშირის გაფართოებამ ბევრი სარგებელი მოიტანა გასულ ათწლეულში ევროპაში დემოკრატიის გაძლიერების კუთხით. ეს არ ნიშნავს იმას, რომ NATO-მ ძალით გააწევრიანა ქვეყნები ალიანსში, ეს იყო დამოუკიდებელი სახელმწიფოების მიერ მიღებული გადაწყვეტილება, რომ მათ სურდათ NATO-ში გაწევრიანება და გარკვეული პროცესის შემდეგ ჩვენ მივიღეთ ახალი წევრები ალიანსში, ამით დავეხმარეთ ევროპას დემოკრატიის დაცვაში. ეს ყველაფერი არის ინდივიდუალური ქვეყნების მიერ მიღებული დამოუკიდებელი, დემოკრატიული გადაწყვეტილებების პატივისცემა", - განაცხადა სტოლტენბერგმა.
ცნობისთვის, NATO-ს საგარეო საქმეთა მინისტრებმა უკრაინის საკითხის განსახილველად საგანგებო ვირტუალურ შეხვედრა გამართეს.
შეხვედრის შემდეგ NATO-ს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა განაცხადა, რომ „რუსეთის აგრესიული ქმედებები სერიოზულად ძირს უთხრის ევროპის უსაფრთხოების წესრიგს.
ასევე წაიკითხეთ: ჩრდილოატლანტიკურმა ალიანსმა რუსეთს მოუწოდა, შობის წინა დღეს ჯარები გაიყვანოს უკრაინის საზღვრებიდან