საქართველოს საგარეო უწყება: ქუთაისი ნურ-სულთანის დღეს დაგეგმილი რეისით სამშობლოში საქართველოს 3 მოქალაქე დაბრუნდება

საქართველოს საგარეო უწყების ინფორმაციით, ქუთაისი-ნურ-სულთანის დღეს დაგეგმილი რეისით სამშობლოში საქართველოს 3 მოქალაქე დაბრუნდება. ამის შესახებ ინფორმაციას საგარეო უწყება ავრცელებს.

„ყახაზეთში მიმდინარე პროცესების გათვალისწინებით, დამატებით გაცნობებთ, რომ ყახაზეთის რესპუბლიკაში საქართველოს საელჩო აქტიურ კომუნიკაციაში ადგილზე მყოფ საქართველოს მოქალაქეებთან. ამ დროისთვის საელჩოს ხელთ არსებული ინფორმაციით, კომპანია FlyArystan-ის მიერ ქუთაისი-ნურ-სულთანის მიმართულებით დღეს დაგეგმილი რეისით სამშობლოში დაბრუნდება საქართველოს 3 მოქალაქე, ხოლო იმ შემთხვევაში თუ შესრულდა ქალაქ აქტაუს მიმართულებით რეისი, ამ დროისთვის სამშობლოში დაბრუნებას გეგმავს საქართველოს 60 მოქალაქე.

შეგახსენებთ, რომ ყაზახეთში საქართველოს საელჩო მუშაობას განაგრძობს ჩვეულებრივ რეჟიმში, ამოქმედებულია ცხელი ხაზი და საქართველოს მოქალაქეებს შეუძლიათ დარეკონ ნომერზე: +7 (717) 224-32-58. ამასთან, ყაზახეთში ინტერნეტისა და სატელეფონო კავშირის შეფერხებით მუშაობის გამო, თუ მოქალაქეები ცხელ ხაზზე დაკავშირებას ვერ ახერხებენ, მათ შეუძლიათ შეტყობინებები გააგზავნონ ელ-ფოსტის მისამართზე: astana.emb@mfa.gov.ge. ასევე ისარგებლონ საელჩოს საკომუნიკაციო არხებით სოციალურ ქსელებში“, - ნათქვამია საგარეო უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ცნობისთვის, მანიფესტაციების შედეგად, რომლებიც სწვავზე ფასების მომატებას მოჰყვა, ყაზახეთში მთავრობა გადადგა. ქვეყანაში კომენდანტის საათი 23:00 საათიდან 07:00 საათამდე იმოქმედებს. 5 იანვარს, ყაზახეთის ხელისუფლებამ ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა.

მედიის ცნობით, 5 იანვარს აქციის მონაწილეები ალმათიში ადმინისტრაციის შენობაში შეიჭრნენ. დაიკავეს პრეზიდენტის რეზიდენციაც. პროტესტის მონაწილეებსა და პოლიციას შორის შეტაკება მოხდა. პოლიციამ ცრემლმდენი გაზი გამოიყენა. ქალაქის ადმინისტრაციის, პრეზიდენტის რეზიდენციის და პროკურატურის შენობებს ცეცხლი მოედო. ალმათის მერის მოადგილემ ქალაქში ანტიტერორისტული ოპერაციის დაწყების შესახებ განაცხადა. ამასთან აღნიშნა, რომ აეროპორტი საპროტესტო აქციის მონაწილეებისგან გაათავისუფლეს.

ასევე წაიკითხეთ: ყაზახეთის პრეზიდენტმა 10 იანვარი გლოვის დღედ გამოაცხადა