კონფლიქტის რისკი რეალურია. რუსეთის აგრესიული ქმედებები ძირს უთხრის ევროპის უსაფრთხოებას, განაცხადა NATO-ს გენერალურმა მდივანმა საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრის შემდეგომ პრესკონფერენციაზე.
ალიანსის გენმდივნის თქმით, მოკავშირეების გზავნილი მკაფიოა, არ იქნება არავითარი კომპრომისი ძირითად პრინციპებთან დაკავშირებით, მათ შორის, თითოეული ქვეყნის უფლებაა, თავად აირჩიოს საკუთარი გზა.
„NATO რუსეთთან დიალოგისთვის მზადაა, მაგრამ ჩვენ ასევე უნდა დავუშვათ შესაძლებლობა, რომ დიპლომატიის გზა შედეგს არ მოგვცემს და ამისთვის მზად უნდა ვიყოთ. მომავალ კვირაში დაგეგმილი შეხვედრა არის შესაძლებლობა, რუსეთმა აჩვენოს, რომ ის სერიოზულად არის განწყობილი დიალოგისა და დიპლომატიის მიმართ.
უკრაინა სუვერენული, დამოუკიდებელი სახელმწიფოა. უკრაინას რა თქმა უნდა, აქვს უფლება, დაიცვას საკუთარი თავი. თავის მხრივ, NATO-ს მოკავშირეები უკრაინას უჭერენ მხარს, რათა ქვეყანას საკუთარი თავის დაცვის შესაძლებლობა ჰქონდეს. ეს არის მიზეზი იმისა, რომ ჩვენ არამხოლოდ მხარს ვუჭერთ უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტს, არამედ ვუწევთ პრაქტიკულ მხარდაჭერას, მათ შორის უკრაინის შეიარაღებული ძალების მოდერნიზაციით.
NATO-ს მოკავშირეები ატარებენ წვრთნას, აძლიერებენ შესაძლებლობებს, ასევე, ზოგიერთი მოკავშირე უზრუნველყოფს სხვადასხვა ტიპის აღჭურვილობას. ამრიგად, უკრაინა არ არის NATO-ს მოკავშირე, მაგრამ უკრაინა ახლო და უაღრესად ღირებული პარტნიორია, რომელსაც რუსეთი ემუქრება და სადაც რუსეთი რეალურად იკავებს უკრაინის ტერიტორიის ნაწილს და აღმოსავლეთ უკრაინაში, დონბასში დესტაბილიზაციის გამომწვევ ქმედებებს განაგრძობს.
ამიტომ, დღევანდელ შეხვედრაზე ერთ-ერთი გზავნილი იყო უკრაინის სხვადასხვა გზით მხარდაჭერის აუცილებლობა. მოკავშირეები მას მხარს უჭერენ. NATO როგორც ალიანსი, უკრაინას მხარს უჭერს.
ნარატივი, რომ უკრაინა საფრთხეს წარმოადგენს რუსეთისთვის, ყველაფერს თავდაყირა აყენებს. უკრაინა რუსეთისთვის საფრთხეს არ წარმოადგენს. ვფიქრობ, დემოკრატიული, სტაბილური უკრაინის იდეა მათთვის გამოწვევაა. და ამიტომ, NATO განაგრძობს ჩვენი პარტნიორის, სუვერენული ერის მხარდაჭერას. მაგრამ ასევე, რა თქმა უნდა, იმის აღიარებას, რომ უკრაინა პარტნიორია და არა NATO-ს მოკავშირე“, - განაცხადა იენს სტოლტენბერგმა.