ყაზახეთიდან საქართველოს სამი მოქალაქე დაბრუნდა

ყაზახეთიდან, ქუთაისი-ნურ-სულთანის რეისით საქართველოს სამი მოქალაქე დაბრუნდა. მათი თქმით, ყაზახეთში განვითარებული რთული პოლიტიკური ვითარების გამო, მთლიანად ქვეყანაში დაკეტილია მაღაზიები და გათიშულია ინტერნეტკავშირი, უფრო კონკრეტულად კი, ბოლო ორი დღეა, მხოლოდ ოთხი საათის განმავლობაში მიეწოდებათ.

ყაზახეთის პრეზიდენტმა, ყასიმ-ჟომართ თოყაევმა 10 იანვარი გლოვის დღედ გამოაცხადა.

შეგახსენებთ, ქვეყანაში კომენდანტის საათი 23:00 საათიდან 07:00 საათამდე იმოქმედებს. 5 იანვარს, ყაზახეთის ხელისუფლებამ ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა. შეტაკებებს მსხვერპლი მოჰყვა. 6 იანვარს, ყაზახეთში, რუსეთის ხელმძღვანელობით, კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციამ ჯარები გაგზავნა.

ცნობისთვის, საწვავზე ფასების მატების გამო დაწყებული მანიფესტაციების შედეგად, ყაზახეთში მთავრობა 5 იანვარს გადადგა.