კორონავირუსის ახალი ვარიანტი, „დელტასა“ და „ომიკრონის“ ე.წ. ჰიბრიდი, კვიპროსზე, 25 პაციენტში დადასტურდა.
კვიპროსის უნივერსიტეტის პროფესორის, ლეონტიოს კოსტრიკისის თქმით, კორონავირუსის ახალ ვარიანტს 10 ტიპის მუტაცია აქვს, რომელიც ჯერჯერობით მხოლოდ „ომიკრონში“ იყო გამოვლენილი, მაგრამ მსგავსი „გენეტიკური საფუძველი“ „დელტასთანაც“ გვხვდება.
ექსპერტები ჯერ ნაადრევად მიიჩნევენ იმაზე საუბარს, რომ დელტაკრონმა შესაძლოა, „ომიკრონი“ ჩაანაცვლოს.
შეგახსენებთ, „დელტას“ შემდეგ, ახლა მსოფლიოში უკვე „ომიკრონი“ ხდება დომინანტი, რომელიც წინა შტამზე უფრო სწრაფად ვრცელდება.
ცნობისთვის, კორონავირუსის ახალი ვარიანტი პირველად ნოემბერში სამხრეთ აფრიკაში გამოვლინდა. წინასწარი კვლევების თანახმად, მიუხედავად გავრცელების მაღალი შესაძლებლობებისა, „ომიკრონი“ შედარებით ნაკლებად მძიმე სიმპტომებს იწვევს, თუმცა ის ვაქცინების ეფექტიანობას ამცირებს.
„ომიკრონის“ მიმართ ვაქცინების ეფექტიანობის შემცირებაზე მიუთითებს Pfizer-ის კვლევაც, რომლის თანახმად, Pfizer/BioNTech-ის ვაქცინის მხოლოდ ორი დოზა შედარებით ნაკლებად იცავს ადამიანის ორგანიზმს, ვიდრე ეს „დელტა“ შტამის შემთხვევაშია შესაძლებელი. ანალოგიური შედეგი დაფიქსირდა სხვა ვაქცინების კვლევის შემთხვევაშიც. ამიტომ, სპეციალისტები მოსახლეობას „ბუსტერ“ დოზით აცრისკენ მოუწოდებენ.
წინასწარი კვლევით, „ომიკრონი“ სასუნთქ გზებში სწრაფად ვრცელდება, თუმცა ფილტვებამდე 10-ჯერ უფრო ნელა აღწევს.