ენტონი ბლინკენი: უკრაინის მიმართ რუსეთის ნებისმიერ შემდგომ აგრესიას მკაცრი პასუხი მოჰყვება

სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელს საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ჯოზეფ ბორელს ესაუბრა.

სახელმწიფო დეპარტამენტის ცნობით, სატელეფონო საუბრისას მდივანმა კიდევ ერთხელ დაადასტურა თავისი ერთგულება შეერთებულ შტატებსა და ევროკავშირს შორის თანამშრომლობის გაღრმავებისა და საერთო გამოწვევების გადაჭრის შესახებ.

მდივანმა ბლინკენმა ხაზგასმით აღნიშნა უკრაინის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდასაჭერად ქმედებების კოორდინაციის მნიშვნელობა და მკაფიოდ განაცხადა, რომ რუსეთის ნებისმიერი შემდგომი აგრესია უკრაინის მიმართ გამოიწვევს მკაცრ პასუხს. მათ ასევე განიხილეს შეშფოთება ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის მიერ ლიეტუვის წინააღმდეგ პოლიტიკური ზეწოლისა და ეკონომიკური იძულების შესახებ.