ყაზახეთის პრეზიდენტი ყველა რეგიონში კონტროლის დამყარების შესახებ იუწყება

ყაზახეთის პრეზიდენტ ყასიმ-ჟომართ თოყაევის ოფიციალურ ვებგვერდზე ვრცელდება ინფორმაცია, რომ ყაზახეთში ყველა რეგიონში ვითარება დასტაბილურდა, დამყარებულია კონტროლი ოპერატიულ ვითარებაზე, სამართალდამცავმა ორგანოებმა გაათავისუფლეს ყველა ჩამორთმეული ადმინისტრაციული შენობა, თუმცა ტერორისტული საფრთხის დონე ჯერ კიდევ მაღალია. მათივე ცნობით, ამ დროისთვის აღძრულია სისხლის სამართლის 125 საქმე, პოლიციაში მიყვანილია 5 800 ადამიანი, მათ შორის საკმაოდ დიდი რაოდენობით უცხოელი. ალმათის ოლქში ე.წ. კომენდატის საათი მოქმედებს. ქვეყნის სტრატეგიულად მნიშვნელოვან ობიექტებს რუსული კონტინგენტი აკონტროლებს.

პრეზიდენტის ადმინისტრაციის განცხადებით, მიმდინარეობს ოპერატიული ღონისძიებები ტერორისტების აღმოსაჩენად და დასაკავებლად. ასევე - მტკიცებულებების ბაზის შეგროვების, დოკუმენტაციისა და შესაბამისი ექსპერტიზის ჩატარების მიზნით.

ცნობისთვის, პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, ოპერატიული შტაბის მორიგი სხდომა გაიმართა.

შეგახსენებთ, საწვავზე ფასების მატების გამო, 2 იანვარს დაწყებული მანიფესტაციების შედეგად, ყაზახეთში მთავრობა 5 იანვარს გადადგა. ხელისუფლებამ ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა. შეტაკებებს მსხვერპლი მოჰყვა. 6 იანვარს, ყაზახეთში, რუსეთის ხელმძღვანელობით, კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციამ ჯარები გაგზავნა.