9 იანვარს, ერთი დღით, სამგზავრო აბონემენტების გაცემა შეჩერდება. ამის შესახებ ინფორმაციას „საქართველოს ბანკი“ ავრცელებს.
განცხადებაში აღნიშნულია, რომ ვადიანი სამგზავრო აბონემენტების დამზადებას და რეალიზაციას "საქართველოს ბანკის" შვილობილი კომპანია უზრუნველყოფს და მათ მიერ ბარათზე დატანილ ტექსტში დაშვებული იყო შეცდომა. 10 იანვრიდან კი ბარათის სწორი ვერსიის გაცემა განახლდება.
„საზოგადოებრივ ტრანსპორტში გადახდის სისტემის მართვას "საქართველოს ბანკი" უზრუნველყოფს, ვადიანი სამგზავრო აბონემენტების დამზადებას და რეალიზაციას კი საქართველოს ბანკის შვილობილი კომპანია "მს+". სამწუხაროდ, ხსენებული კომპანიის მიერ დაშვებული იყო მცირედი უზუსტობა. ბარათზე დატანილ ტექსტში კი დაშვებული იყო მექანიკური შეცდომა. სწორედ ამის გამო, დღეს, 9 იანვარს, ერთი დღით, შეჩერდება აბონემენტების გაცემა.
ბოდიშს გიხდით შექმნილი დისკომფორტისთვის. უკვე ხვალიდან, 10 იანვრიდან კი განახლდება ბარათის სწორი ვერსიის გაცემა.
აქვე გაცნობებთ, რომ ბარათების ახალი ვერსიის ბეჭდვას "საქართველოს ბანკი" უზრუნველყოფს", - აღნიშნულია ინფორმაციაში.
უცნობია, რა რაოდენობის ბარათები გაიყიდა ამ დროისთვის. ბანკში განმარტეს, რომ სურვილის შემთხვევაში მოქალაქეებს არასწორი წარწერის მქონე ბარათებს ახლით შეუცვლიან.
პირველი თებერვლიდან თბილისის საზოგადოებრივ ტრანსპორტში გადახდის ახალი, სააბონემენტო სისტემა ამოქმედდება.