Europetime-თან ექსკლუზიურ ინტერვიუში აშშ-ის ყოფილი სახელმწიფო მდივნის ჯეიმს ბეიკერის სპეციალური წარმომადგენელი და მრჩეველი პოლ გობლი, რომელიც ასევე იკავებდა სახელმწიფო დეპარტამენტში დაზვერვისა და კვლევის ბიუროს ანალიტიკოსის პოზიციას, საქართველოში ამერიკული ინვესტიციების და მსხვილი ინფრასტრუქტურული პროექტების მნიშვნელობაზე საუბრობს. ამ კონტექსტში კი ანაკლიის პროექტის განხორციელებაზე ამახვილებს ყურადღებას.
„ანაკლიის პროექტის ჩაშლა, შეიძლება, არ იყო რუსეთის უმაღლესი პრიორიტეტი, მაგრამ აშკარად მისი დღის წესრიგის ნაწილი იყო. „კანონის უზენაესობა გადამწყვეტია დასავლური ინვესტიციებისთვის. დასავლეთის წარმომადგენლებს არსად სურთ ინვესტირება, თუ ისინი დარწმუნებულნი არ არიან, რომ სასამართლო დაიცავს მათ და თავისი საქმიანობის წარმოების საშუალებას მისცემს. ამრიგად, სასამართლო სისტემა კრიტიკულად მნიშვნელოვანია“, - აცხადებს პოლ გობლი Europetime-თან.
პოსტსაბჭოთა ქვეყნების და ბალტიის საკითხებში აშშ-ის სახელმწიფო მდივნის ყოფილ მრჩეველთან Europetime-ის ინტერვიუს თემა ასევე იყო რეგიონსა და უკვე ცენტრალურ აზიაში მიმდინარე პროცესები, რომლებიც კიდევ უფრო ამტკიცებს მოსაზრებას, რომ შავი ზღვის უსაფრთხოების დაცვა მნიშვნელოვანია.
„დასავლეთი რთულ მდგომარეობაშია იმის გათვალისწინებით, რომ ყაზახეთის პრეზიდენტმა მიიწვია რუსული ძალები. ვიმედოვნებ, ყველა მხარისთვის გასაგებია, რაც ლიდერებმა საჯაროდ თქვეს:
,,ჩვენ არ გვჯერა, რომ ასეთი ინტერვენცია გამართლებული ან კანონიერია იმის გათვალისწინებით, რომ ის გამოიყენება სახალხო აჯანყების ჩასახშობად“, - აღნიშნავს პოლ გობლი.
ავღანეთიდან აშშ-ის ჯარების გაყვანამ რამდენად შეუწყო ხელი ცენტრალურ აზიაში რუსეთის დომინანტური პოზიციების ზრდას, ამ თემის განხილვისას, ანალიტიკოსი Europetime-თან აღნიშნავს, რომ „ავღანეთში ამერიკელების ყოფნა შეუძლებელი გახდა, რადგან საზოგადოება დიდი ხნის განმავლობაში ითხოვდა ჯარების გაყვანას და მთავრობამ ვერ შეძლო იქ დარჩენის საჭიროების ლოგიკური დასაბუთება“.
„არ მგონია, რომ ავღანეთიდან აშშ-ის გასვლამ უზრუნველყო რუსული გავლენის გაზრდა, მაგრამ მოსკოვს პროცესებში ჩართვის უფრო დიდი შესაძლებლობა მისცა. დარწმუნებული არ ვარ, რომ მოსკოვის გავლენა გაიზრდება მისი ინტერვენციის შედეგად. ამან შეიძლება ზოგი დააშინოს, მაგრამ სხვებს გააბრაზებს“, - მიიჩნევს ჯეიმს ბეიკერის ყოფილი სპეციალური წარმომადგენელი და მრჩეველი.
Europetime-თან ექსკლუზიურ ინტერვიუში სახელმწიფო დეპარტამენტის ყოფილი მაღალჩინოსანი ასევე განიხილავს საკითხს, თუ რა როლი აქვს ჩინეთს ამ პროცესებში.
„ჩინეთი მხარს უჭერს რუსეთის ინტერვენციას, რადგან ის ეწინააღმდეგება ხალხისთვის გავლენის დათმობას (ძალუფლების მინიჭებას) და ასევე, იცის, რომ რუსეთი „ისაკუთრებს“ მიღებულ შედეგებს და რომ ამ შედეგებმა შესაძლოა, არ გააძლიეროს რუსეთი რეგიონში, მაგრამ შეასუსტოს და პეკინს მეტი შანსი მისცეს“, - აღნიშნავს ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს ყოფილი ანალიტიკოსი.
შეგახსენებთ, ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის ენტონი ბლინკენის მოადგილის მოვალეობის შემსრულებელმა ფილიპ რიკერმა გასულ წლის ზაფხულში, Europetime-თან ექსკლუზიურ ინტერვიუში ინვესტორებისთვის მიმზიდველი გარემოს შექმნასა და ამ კონტექსტში, დიდი ინფრასტრუქტურული პროექტების, მათ შორის ანაკლიის მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება. ასევე ამერიკა- საქართველოს შორის, ორმხრივი სავაჭრო ურთიერთობების შესაძლებლობებზეც ისაუბრა. სრულად იხილეთ: https://europetime.eu/ka/article/10108-pilip-rikeri-anaklia-da-qvela-didi-inprastrukturu