ირაკლი ღარიბაშვილი: ამ კვირაში უკვე მივიღებთ გადაწყვეტილებებს, რაც მნიშვნელოვნად შეამცირებს მედიკამენტების ფასებს

"ამ კვირაში უკვე მივიღებთ გადაწყვეტილებებს, რაც მნიშვნელოვნად შეამცირებს მედიკამენტების ფასებს", - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

პრემიერმა მედიკამენტების ფასებთან დაკავშირებით ისაუბრა და აღნიშნა, რომ ამ საკითხზე მიმდინარე კვირაში იქნება მიღებული გადაწყვეტილებები.

„კიდევ ერთი დაპირება, რაც ჩვენ გვაქვს მედიკამენტების ფასებთან დაკავშირებით, ამ თემაზე ჩვენ ამ კვირაში უკვე მივიღებთ გადაწყვეტილებებს, რაც ჩვენი პროგნოზით, მნიშვნელოვნად შეამცირებს მედიკამენტების ფასებს. ფარმაცევტული ბაზრის ანგარიში დასრულებულია, კონკურენციის სააგენტომ დაასრულა უკვე მუშაობა. ბატონი ზურა, ახალი მინისტრი, უკვე შეხვდა კონკურენციის სააგენტოს ხელმძღვანელს. მათ ერთად დაგეგმეს შემდგომი გასატარებელი ღონისძიებები. ჩვენ ასევე ვაპირებთ, რომ გავხსნათ თურქეთის ბაზარიც, თურქეთიდან შემოვიდეს მაღალი ხარისხის მედიკამენტები, რაც ჩვენი პროგნოზით, გააიაფებს ფასებს მედიკამენტებზე.ამას გარდა, ჩვენ ასევე ვიმუშავებთ კანონმდებლობაზე, რომელიც კიდევ უფრო გააუმჯობესებს სიტუაციას ამ მიმართულებით“, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.