იენს სტოლტენბერგის განცხადებით, NATO-რუსეთის მოლაპარაკებების წინ, ალიანსი მჭიდრო კონსულტაციებს მართავს თავის პარტნიორებთან

NATO-ს გენერალური მდივნის, იენს სტოლტენბერგის განცხადებით, NATO-რუსეთის მოლაპარაკებების წინ, ალიანსი მჭიდრო კონსულტაციებს მართავს თავის პარტნიორებთან, მათ შორის საქართველოსთან. ამის შესახებ სტოლტენბერგმა ბრიუსელში NATO-უკრაინის კომისიის სხდომამდე განაცხადა.

„მივესალმები, რომ რუსეთი დათანხმდა ჩვენს შეთავაზებას მიმდინარე კვირას ნატო-რუსეთის საბჭოს შეხვედრის გამართვის შესახებ. ეს არის პოზიტიური სიგნალი. ჩვენ ფოკუსირებას მოვახდენთ ევროპის უსაფრთხოების საკითხებზე, სამხედრო აქტივობებთან დაკავშირებულ გამჭვირვალობაზე, საფრთხეების შემცირებასა და შეიარაღების კონტროლზე. ჩვენ მოვისმენთ რუსეთის შეშფოთებებს, თუმცა ნებისმიერი შინაარსიანი დიალოგის დროს გათვალისწინებული უნდა იყოს რუსეთის ქმედებებთან დაკავშირებით ჩვენი შეშფოთებებიც. ეს უნდა გაიმართოს უკრაინასთან კონსულტაციით, რასაც ჩვენ დღეს ვაკეთებთ. ჩვენ ასევე მჭიდრო კონსულტაციებს ვმართავთ სხვა პარტნიორებთან, მათ შორის საქართველოსთან, მოლდოვასთან, ფინეთთან, შვედეთთან და ევროკავშირთან“, – განაცხადა სტოლტენბერგმა.

ცნობისთვის, ჟენევაში აშშ-ისა და რუსეთის წარმომადგენლების მოლაპარაკებები მიმდინარეობს. მოლაპარაკებებზე მხარეებს წარმოადგენენ აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილე უენდი შემანი და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე სერგეი რიაბკოვი.

ასევე წაიკითხეთ: ენტონი ბლინკენი: პრეზიდენტ პუტინს ორი გზა აქვს. ვაპირებთ, გავიგოთ, რომელს აირჩევს