ირაკლი ღარიბაშვილი: იმედს გამოვთქვამთ, რომ ყაზახეთში ვითარების საბოლოო დეესკალაციის მისაღწევად ყველა ზომა იქნება მიღებული

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი მთავრობის დღევანდელ სხდომაზე გამოეხმაურა ყაზახეთის პროცესებს.

„მინდა, გამოვეხმაურო ყახაზეთში მიმდინარე მოვლენებს. ჩვენ ძალიან ყურადღებით ვაკვირდებოდით ბოლო დღეებში განვითარებულ მოვლენებს. ძალიან განვიცდით ტრაგიკულ მოვლენებს, რაც ყაზახეთში განვითარდა და რომლის შედეგადაც დაიღუპა ათობით ადამიანი.

იმედს გამოვთქვამთ, რომ ყველა ზომა იქნება მიღებული უმოკლეს ვადებში ვითარების საბოლოო დეესკალაციის, უსაფრთხოებისა და სტაბილურობის მიღწევის მიზნით. გვსურს, რომ ქვეყანამ ძალიან მალე შეძლოს შედეგების დაძლევა. ვუსურვებთ სვლის გაგრძელებას შემდგომი განვითარების მიმართულებით ჩვენ მოძმე ყაზახეთს და ყაზახ ხალხს“,- აღნიშნა ღარიბაშვილმა.

პრემიერ-მინისტრის განცხადებით, საქართველოს ის მოქალაქეები, რომლებიც ამ დრომდე იმყოფებიან ყაზახეთში, ქვეყანაში უახლოეს დღეებში დაბრუნდებიან.

„რაც შეეხება ყაზახეთში მყოფ საქართველოს მოქალაქეებს, საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობა შესაძლებლობის ფარგლებში ხაზზე იყო მათთან და უწევდა შესაბამის დახმარებას ადგილზე.

მთავრობის აქტიური მუშაობის შედეგად, მათი ნაწილი დაბრუნდა საქართველოში. საქართველოს იმ მოქალაქეებთან, ვინც რჩებიან ადგილზე, საელჩო აგრძელებს აქტიურ კომუნიკაციას და საჭიროების შემთხვევაში უწევს დახმარებას. მათი საქართველოში დაბრუნება უახლოეს დღეებში მოხდება“,- განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

შეგახსენებთ, საწვავზე ფასების მატების გამო, 2 იანვარს დაწყებული მანიფესტაციების შედეგად, ყაზახეთში მთავრობა 5 იანვარს გადადგა. ხელისუფლებამ ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა. შეტაკებებს მსხვერპლი მოჰყვა. 6 იანვარს, ყაზახეთში, რუსეთის ხელმძღვანელობით, კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციამ ჯარები გაგზავნა.