ენტონი ბლინკენი: NATO არ შეჭრილა უკრაინაში, NATO არ შეჭრილა საქართველოში, ეს რუსეთმა ჩაიდინა

„მოდით, ცალსახად ვთქვათ: NATO არ შეჭრილა უკრაინაში, NATO არ შეჭრილა საქართველოში, NATO-ს არ განუთავსებია ძალები მოლდოვაში თავისი ხალხის ნების საწინააღმდეგოდ. სხვა მრავალ ქმედებასთან ერთად, ეს ყველაფერი რუსეთმა ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში ჩაიდინა, - განაცხადა აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა.

„გასული ოცი წლის განმავლობაში რუსეთი შეიჭრა მეზობელ ქვეყნებში, ჩაერია სხვა ქვეყნების არჩევნებში, გამოიყენა ქიმიური იარაღი მთავრობის ოპონენტების განადგურების მცდელობისთვის, თანაც, უცხო ქვეყნის მიწაზე, დაარღვია შეიარაღების კონტროლის საერთაშორისო ხელშეკრულებები, უკან დაიხია დიდი ხნის წინ შეთანხმებული ნდობის აღდგენისა და გამჭვირვალობის ზომების მიღებაზე. შესაბამისად, მომდევნო დღეებსა და კვირებში ჩვენ და ჩვენი მოკავშირეები ამ და სხვა საკითხს აუცილებლად დავაყენებთ დღის წესრიგში რუსეთთან“, - აღნიშნა სახელმწიფო მდივანმა.

სახელმწიფო მდიფნის განცხადებით, მეზობელი ქვეყნების წინააღმდეგ, უკვე ათწლეულზე მეტია, რუსეთი აგრესიულ ქმედებებს განმეორებით ჩადის:

„საქართველოში, მოლდოვასა და 2014 წელს უკრაინაში. ახლა კი ამ უკანასკნელის გამეორების საშიშროება დგას. ამავდროულად, ეს საკითხი უფრო დიდია, ვიდრე თავად უკრაინა. საუბარია საერთაშორისო ურთიერთობების საბაზისო პრინციპებზე, რომლებიც მშვიდობისა და უსაფრთხოების გარანტია.

ეს არის პრინციპი, რომ ერთ სახელმწიფოს არ შეუძლია, ძალის გამოყენებით უბრალოდ შეცვალოს სხვა ქვეყნის საზღვრები, პრინციპი, რომ ერთ სახელმწიფოს არ შეუძლია, უბრძანოს მეორეს თავისი არჩევანი ან ვისთან იქონიოს კავშირი, პრინციპი, რომ არ შეიძლება, ქვეყნებმა თავისი მეზობლების დასამორჩილებლად გავლენის სფეროები გამოიყენონ. ეს წარსულის გადმონაშთია.

ეს ყველაფერი დევს ახლა სასწორზე. ამიტომ არის მნიშვნელოვანი, რომ ჩვენ არამხოლოდ უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობას, სუვერენიტეტსა და დამოუკიდებლობას დავუჭიროთ მხარი, არამედ ამ საბაზისო პრინციპებსაც“, - აღნიშნავს ენტონი ბლინკენი.