Pfizer-ი იუწყება, რომ კორონავირუსის „ომიკრონ“ შტამის საწინააღმდეგო ვაქცინა მზად მარტისთვის იქნება. ამის შესახებ მან CNBC-თან ინტერვიუში კომპანიის გენერალურმა დირექტორმა ალბერტ ბურლამ განაცხადა.
„ჩვენ უკვე ვიწყებთ მისი გარკვეული რაოდენობის წარმოებას“, - განაცხადა ალბერტ ბურლამ.
მისივე ცნობით, ვაქცინა იმოქმედებს სხვა შტამების წინააღმდეგაც, რომლებიც ამ დროისთვის ცირკულირებს.
ცნობისთვის, კორონავირუსის ახალი ვარიანტი პირველად ნოემბერში სამხრეთ აფრიკაში გამოვლინდა. წინასწარი კვლევების თანახმად, მიუხედავად გავრცელების მაღალი შესაძლებლობებისა, „ომიკრონი“ შედარებით ნაკლებად მძიმე სიმპტომებს იწვევს, თუმცა ის ვაქცინების ეფექტიანობას ამცირებს.
„ომიკრონის“ მიმართ ვაქცინების ეფექტიანობის შემცირებაზე მიუთითებს Pfizer-ის კვლევაც, რომლის თანახმად, Pfizer/BioNTech-ის ვაქცინის მხოლოდ ორი დოზა შედარებით ნაკლებად იცავს ადამიანის ორგანიზმს, ვიდრე ეს „დელტა“ შტამის შემთხვევაშია შესაძლებელი. ანალოგიური შედეგი დაფიქსირდა სხვა ვაქცინების კვლევის შემთხვევაშიც. ამიტომ, სპეციალისტები მოსახლეობას „ბუსტერ“ დოზით აცრისკენ მოუწოდებენ.
წინასწარი კვლევით, „ომიკრონი“ სასუნთქ გზებში სწრაფად ვრცელდება, თუმცა ფილტვებამდე 10-ჯერ უფრო ნელა აღწევს. ამ დრომდე, ოფიციალურად სპეციალისტებს არ დაუდასტურებიათ, რომ ამ შტამის წინააღმდეგ ახალი ვაქცინაა საჭირო.