ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა და ყაზახეთის ლიდერმა ონლაინშეხვედრა გამართეს

ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა, შარლ მიშელმა ყაზახეთის პრეზიდენტთან, ყასიმ-ჟომართ თოყაევთან ვიდეოშეხვედრა გამართა.

„პრეზიდენტ თოყაევთან ერთად ყაზახეთში განვითარებული მოვლენები განვიხილეთ. მწუხარება გამოვთქვი დაღუპულთა გამო. ხაზი გავუსვით ევროკავშირისა და ყაზახეთის პარტნიორობის მნიშვნელობას. ასევე სუვერენიტეტის, უსაფრთხოებისა და სტაბილურობისადმი მხარდაჭერას, ადამიანის უფლებებისა და ძირითადი თავისუფლებების სრული პატივისცემით“, - წერს შარლ მიშელი Twitter-ზე.

თავის მხრივ, ყასიმ-ჟომართ თოყაევმა აღნიშნა, რომ ყაზახეთი ევროკავშირთან პარტნიორობის გაძლიერებას გააგრძელებს. პრეზიდენტის თქმით, ყაზახეთი უპრეცედენტო აგრესიისა და სახელმწიფოებრიობაზე თავდასხმის წინაშე იყო და დაუყოვნებლივი ზომები მიიღო კონსტიტუციური წესრიგისა და კანონის უზენაესობის აღსადგენად.

„ჩვენ არასდროს გამოგვიყენებია და არ გამოვიყენებთ შეიარაღებულ ძალას მშვიდობიანი მომიტინგეების წინააღმდეგ. ყველა ასეთი ბრალდება მცდარია. ყაზახეთი ევროკავშირთან პარტნიორობის გაძლიერებას გააგრძელებს“, - აღნიშნულია თოყაევის Twitter პოსტში.

შეგახსენებთ, საწვავზე ფასების მატების გამო, 2 იანვარს დაწყებული მანიფესტაციების შედეგად, ყაზახეთში მთავრობა 5 იანვარს გადადგა. ხელისუფლებამ ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა. შეტაკებებს მსხვერპლი მოჰყვა. 6 იანვარს, ყაზახეთში, რუსეთის ხელმძღვანელობით, კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციამ ჯარები გაგზავნა.