ნედ პრაისი: აშშ დიპლომატიის ერთგულია, თუმცა რუსეთის აგრესიის შემთხვევაში კოორდინირებული პასუხისთვის მზადაა

აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილის ვენდი შერმანისა და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის სერგეი რიაბკოვის შეხვედრაზე, სახელმწიფო დეპარტამენტში კომენტარი გაკეთდა. პრესსპიკერ ნედ პრაისის თქმით, ჟენევაში აშშ-ის დელეგაციამ მოისმინა რუსეთის შეშფოთება, თავის მხრივ დააფიქსირა თავისი შეშფოთება და წარმოადგინა თავისი იდეები ორმხრივ ქმედებებზე, სტრატეგიული სტაბილურობის გასაუმჯობესებლად. მდივნის მოადგილე შერმანმა მკაფიოდ განაცხადა, რომ დიპლომატიური გზა რუსეთისა და შეერთებული შტატების უსაფრთხოების პრობლემების ერთადერთ მტკიცე გადაწყვეტას იძლევა.

„სახელმწიფო მდივნის მოადგილე ვენდი შერმანი ხელმძღვანელობდა აშშ-ის უწყებათაშორის დელეგაციას (სახელმწიფო დეპარტამენტის, თავდაცვის დეპარტამენტის, გაერთიანებული შტაბისა და ეროვნული უშიშროების საბჭოს) ჟენევაში, შვეიცარიაში აშშ-რუსეთის სტრატეგიული სტაბილურობის დიალოგის საგანგებო სესიაში მონაწილეობის მისაღებად. რუსეთის დელეგაციას რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე სერგეი რიაბკოვი ხელმძღვანელობდა.

დღეს ჟენევაში აშშ-ის დელეგაციამ მოისმინა რუსეთის შეშფოთება და თავის მხრივ დააფიქსირა თავისი შეშფოთება და წარმოადგინა თავისი იდეები ორმხრივ ქმედებებზე, სტრატეგიული სტაბილურობის გასაუმჯობესებლად. მდივნის მოადგილე შერმანმა მკაფიოდ განაცხადა, რომ დიპლომატიური გზა რუსეთისა და შეერთებული შტატების უსაფრთხოების პრობლემების ერთადერთ მტკიცე გადაწყვეტას იძლევა.

მდივნის მოადგილემ ხაზგასმით აღნიშნა, რომ მიუხედავად იმისა, რომ შეერთებული შტატები ერთგულია დიპლომატიის მიმართ, თავის მოკავშირეებთან და პარტნიორებთან მჭიდრო კოორდინაციით, აშშ მზადაა, თუ რუსეთი უკრაინის წინააღმდეგ აგრესიულ ქმედებებს გააძლიერებს, რუსეთს მნიშვნელოვანი ეკონომიკური და პოლიტიკური ფასის გადახდა დააკისროს.

მან ასევე გაიმეორა, შეერთებული შტატები არ განიხილავს ევროპის უსაფრთხოებას ჩვენი მოკავშირეებისა და პარტნიორების მონაწილეობის გარეშე. მდივნის მოადგილე შერმანი 11 იანვარს გაემგზავრება ბრიუსელში, ბელგიაში, სადაც NATO-ს შტაბ-ბინაში, ჩრდილოატლანტიკური საბჭოს წინაშე მოხსენებით გამოვა, ხოლო 11 იანვარს ის ასევე შეხვდება ევროკავშირის პოლიტიკურ და უსაფრთხოების კომიტეტს. მდივნის მოადგილე შერმანი უხელმძღვანელებს აშშ-ის დელეგაციას NATO-რუსეთის საბჭოს (NRC) სხდომაზე 12 იანვარს“, - განაცხადა ნედ პრაისმა.