დანიის საგარეო დაზვერვის განყოფილების ხელმძღვანელს, ლარს ფინდსენს, „უაღრესად გასაიდუმლოებული“ ინფორმაციის გაჟონვის საქმეში მონაწილეობის გამო, პატიმრობა შეეფარდა. Reuters-ი დანიის საზოგადოებრივ მაუწყებელზე დაყრდნობით იტყობინება, რომ დანიის სპეცსამსახურების ოთხი ყოფილი და მოქმედი თანამშრომელი ჯერ კიდევ დეკემბერში დააკავეს, ლარს ფინდსენი კი ერთადერთია, რომელიც 4 თებერვლამდე წინასწარ პატიმრობაში დარჩება. ის ბრალს არ აღიარებს.
ბრიტანული მედიის ცნობითვე, საქმე ეხება მკაცრად გასაიდუმლოებული ინფორმაციის გასაჯაროებას, სახელმწიფო ღალატის მუხლს. დანიის საზოგადოებრივი მაუწყებელი იუწყება, რომ საუბარია ინფორმაციის მედიისთვის მიწოდებაზე. ოფიციალური პირები ამბობენ, რომ ინფორმაციის გასაჯაროებამ დანიას, ან ევროკავშირისა და NATO-ს რომელიმე ქვეყანას შესაძლოა, სერიოზული ან უკიდურესად სერიოზული ზიანი მიაყენოს.
დაკავებულს 12 წლამდე პატიმრობა ემუქრება. ლარს ფინდსენის დაკავების შესახებ ინფორმაცია მას შემდეგ გავრცელდა, რაც სასამართლომ მისი სახელის გასაჯაროებაზე აკრძალვა გააუქმა.