დღეიდან მედიკამენტების 500-ლარიანი ვაუჩერის პროგრამა ამოქმედდა

მიმდინარე წლის ერთ-ერთი პირველი პროგრამა, რომელიც დღეიდან ამოქმედდება, მედიკამენტების 500-ლარიანი ვაუჩერის პროგრამაა, - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ მუნიციპალიტეტის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.

მისი თქმით, ამ პროგრამის ბენეფიციარები თბილისში რეგისტრირებული საპენსიო ასაკის მოქალაქეები იქნებიან, რომელთა ოჯახების სოციალური სარეიტინგო ქულა 200 000–ს არ აღემატება.

„ეს არის ყოველწლიური და არა ერთჯერადი ვაუჩერი, რომლის გამოყენება ბენეფიციარებს მათი შეხედულებისამებრ, ექიმის დანიშნულებიდან გამომდინარე, მთელი წლის განმავლობაში, ლიმიტის ამოწურვამდე შეეძლებათ. მოქალაქეს ვაუჩერის მისაღებად მერიაში ან რაიონის გამგეობაში მისვლა არ დასჭირდება და კრიტერიუმების დაკმაყოფილებისთანავე, ავტომატურად გახდება პროგრამის მოსარგებლე“, - განაცხადა კახა კალაძემ.

ამასთან, მთავრობის სხდომაზე დედაქალაქის მერმა აღნიშნული ვაუჩერი და საინფორმაციო ბუკლეტი წარადგინა, რომლის დარიგებაც გამგეობის თანამშრომლებს დაავალა.