მამუკა ხაზარაძე: როგორც არ უნდა დამთავრდეს დღევანდელი პროცესი, ბიძინა ივანიშვილმა ეს ბრძოლა ჩვენთან წააგო

"როგორც არ უნდა დამთავრდეს დღევანდელი პროცესი და რა გადაწყვეტილებაც არ უნდა მიიღოს მოსამართლემ, მინდა გითხრათ, რომ ბიძინა ივანიშვილმა ეს ბრძოლა ჩვენთან წააგო", - ამის შესახებ „ლელოს“ ლიდერმა, მამუკა ხაზარაძემ თბილისის საქალაქო სასამართლოში, ე.წ. ფულის გათეთრების საქმეზე სასამართლო პროცესის დაწყებამდე განაცხადა.

„უფრო მეტი მოტივაცია მოგვცა მე და ჩვენს თანაგუნდელებს, ბადრის. ჩვენ გავაგრძელებთ ბრძოლას, რადგან ის, რაც ქვეყანაში ხდება, ის პოსტსაბჭოური მენტალიტეტი დამთავრდეს ამ ქვეყანაში, რათა ამ ქვეყანამ მიიღოს სამართლიანი არჩევნები, მართლმსაჯულება და სასამართლო და არა ის პროკურატურა და მოსამართლეები, რომლებიც ბიძინა ივანიშვილმა გადმოიბარა წინა ხელისუფლებიდან. თქვენ გახსოვთ, რომ 2012 წელს ბიძინა ივანიშვილის და „ქართული ოცნების“ ერთ-ერთი ლოზუნგი იყო „ღირსების შელახვის საწინააღმდეგოდ გალაშქრება“ და ღირსების აღდგენა იყო მთავარი თემა, რასაც ყველა მხარს ვუჭერდით. პირველი, რაც მან გააკეთა - სწორედ ის ადამიანები გადმოიბარა წინა ხელისუფლებიდან. საუბარია პროკურორებზე, მოსამართლეებზე და მთლიანად სისტემაზე, რომელიც ჩვენს მოქალაქეებს ღირსებას ულახავდა", - განაცხადა ხაზარაძემ.

შეგახსენებთ, რომ ე.წ. ფულის გათეთრების საქმეზე ბრალდებულების: მამუკა ხაზარაძის, ბადრი ჯაფარიძისა და ავთანდილ წერეთლის განაჩენი, შესაძლოა, დღეს გამოცხადდეს

ცნობისთვის, TBC ბანკის წინააღმდეგ 2008 წლის ტრანზაქციების საქმის შესწავლა პროკურატურამ 2019 წლის იანვარში დაიწყო, თებერვალში კი, საქართველოს ეროვნულმა ბანკმა განცხადება გაავრცელა და TBC ბანკის დამფუძნებლების, მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის, სამეთვალყურეო საბჭოდან გადადგომა მოითხოვა. განცხადებაში სებ-ი წერდა, რომ "ამ გადაწყვეტილების მიღების საფუძველია თიბისი ბანკის შემოწმებისას დაფიქსირებული ინტერესთა კონფლიქტის მარეგულირებელი კანონმდებლობის დარღვევის ფაქტები, რომლებიც 2007-2008 წლების ტრანზაქციებს უკავშირდება. საკითხის შესწავლისას გამოვლინდა თიბისი ბანკის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარისა და მოადგილის მიერ ინტერესთა კონფლიქტის მარეგულირებელი საკანონმდებლო მოთხოვნების დარღვევა".

რაც შეეხება ავთანდილ წერეთელს, პროკურატურა ბიზნესმენს ბადრი ჯაფარიძისთვის და მამუკა ხაზარაძისთვის უკანონო შემოსავლების ლეგალიზებაში დახმარებას ედავება.

ასევე წაიკითხეთ: მამუკა ხაზარაძე: მე და ბადრი ჯაფარიძეს ისეთ რაღაცას გვაბრალებენ, რაც ბიზნესში ადამიანის მკვლელობის ტოლფასია