სამთო კურორტებზე განსაკუთრებულად მომატებული ინფიცირების შემთხვევების გამო, საკოორდინაციო საბჭომ რეკომენდაციები გასცა

უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსმა გიორგი ღიბრაძის თქმით, ტენდენცია აჩვენებს, რომ სამთო კურორტებზე განსაკუთრებულადაა მომატებული ინფიცირების შემთხვევები და ამიტომ, საბჭოს რეკომენდაციაა, რომ კურორტზე მყოფმა დამსვენებლებმა რეგულაციები, მათ შორის პირბადის ტარების წესი დაიცვან.

“უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოზე განხილული იქნა ეპიდვითარება და მოგახსენებთ რამდენიმე რეკომენდაციას, რომლებიც დღეს განვიხილეთ და რომელთა შესრულებაც მნიშვნელოვანი იქნება, რათა ეპიდემიოლოგიური სიტუაცია კიდევ უფრო არ გაუარესდეს.

ტენდენცია აჩვენებს, რომ სამთო კურორტებზე განსაკუთრებულადაა მომატებული ინფიცირების შემთხვევები, ამიტომ ძალზე მნიშვნელოვანია, რომ ვინცს სამთო კურორტებზე დასასვენებლადაა ჩასული, დაიცვას რეგულაციები, რაც ქვეყანაშია. განსაკუთრებით აქცენტი უნდა გაკეთდეს პირბადის ტარებაზე.

ამასთან, გრძელდება ორასლარიანი წახალისება 50 წელზე ზემოთ პირებისთვის. მნიშვნელოვანია, ვაქცინაციის პროცესის კიდევ უფრო მეტად ინტენსიფიკაცია და „ბუსტერ“ დოზის გაკეთება“, - განაცხადა გიორგი ღიბრაძემ