ე.წ. ფულის გათეთრების საქმეზე ერთ-ერთი ბრალდებული მამუკა ხაზარაძე მოსამართლე გიორგი არევაძემ სხდომათა დარბაზიდან გააძევა.
ბრალდებულების გაღიზიანება პროკურორის რეპლიკამ გამოიწვია, რადგან დაცვის მხარის შეფასებით, პროკურორი არა რეპლიკით, არამედ ახალი დასკვნითი სიტყვით სარგებლობდა.
"3 წელია ამ სისულელეს ვისმენთ",-განაცხადა მამუკა ხაზარაძემ.
შეგახსენებთ, რომ ე.წ. ფულის გათეთრების საქმეზე ბრალდებულების: მამუკა ხაზარაძის, ბადრი ჯაფარიძისა და ავთანდილ წერეთლის განაჩენი, შესაძლოა, დღეს გამოცხადდეს
ცნობისთვის, TBC ბანკის წინააღმდეგ 2008 წლის ტრანზაქციების საქმის შესწავლა პროკურატურამ 2019 წლის იანვარში დაიწყო, თებერვალში კი, საქართველოს ეროვნულმა ბანკმა განცხადება გაავრცელა და TBC ბანკის დამფუძნებლების, მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის, სამეთვალყურეო საბჭოდან გადადგომა მოითხოვა. განცხადებაში სებ-ი წერდა, რომ "ამ გადაწყვეტილების მიღების საფუძველია თიბისი ბანკის შემოწმებისას დაფიქსირებული ინტერესთა კონფლიქტის მარეგულირებელი კანონმდებლობის დარღვევის ფაქტები, რომლებიც 2007-2008 წლების ტრანზაქციებს უკავშირდება. საკითხის შესწავლისას გამოვლინდა თიბისი ბანკის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარისა და მოადგილის მიერ ინტერესთა კონფლიქტის მარეგულირებელი საკანონმდებლო მოთხოვნების დარღვევა".
რაც შეეხება ავთანდილ წერეთელს, პროკურატურა ბიზნესმენს ბადრი ჯაფარიძისთვის და მამუკა ხაზარაძისთვის უკანონო შემოსავლების ლეგალიზებაში დახმარებას ედავება.
ასევე წაიკითხეთ: მამუკა ხაზარაძე: როგორც არ უნდა დამთავრდეს დღევანდელი პროცესი, ბიძინა ივანიშვილმა ეს ბრძოლა ჩვენთან წააგო