განათლებისა და მეცნიერების მინისტრის პირველ მოადგილედ თამარ მახარაშვილი დაინიშნა

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის პირველ მოადგილედ თამარ მახარაშვილი დაინიშნა. ამის შესახებ ინფორმაციას განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო ავრცელებს.

ამასთან, პირველი მოადგილე სამინისტროში კურატორობას გაუწევს სკოლამდელი აღზრდისა და ზოგადი განათლების მიმართულებას, ასევე, მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნულ ცენტრსა და საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახურს.

განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ინფორმაციით, ამ პოზიციის დაკავებამდე თამარ მახარაშვილი წლების განმავლობაში მუშაობდა: საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორი 2019 წლიდან, მანამდე კი წლების განმავლობაში ეკავა დირექტორის მოადგილის პოზიცია; იყო საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სახელმწიფო ზრუნვის სააგენტოს დირექტორი; საქართველოს მთავრობის კანცელარიის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი; საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის მინისტრის მრჩეველი; დიასპორის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის მოადგილე; საქართველოს ლტოლვილთა და განსახლების მინისტრის მოადგილე.