ამერიკელი სენატოროები ჯო ბაიდენს: უკრაინის საკითხზე გადაწყვეტილება არ შედგება უკრაინის გარეშე, ეს პრინციპი უნდა გავრცელდეს საქართველოზეც

ამერიკელმა სენატორებმა მარკო რუბიომ (R-FL), ჯინ შაჰინმა (D-NH), ტომ ტილისმა (R-NC), კრის კუნსმა (D-DE), ჯონ ერნსტმა (R-IA), ჯეფ მერკლმა (D-OR), მაიკ რაუნდსმა (R-SD), კორი ბუკერმა (D-NJ) და ჯონ ბარასომ (R-WY), NATO-ს დამკვირვებელთა ჯგუფის წევრებმა, აშშ-ის პრეზიდენტ ჯო ბაიდენს წერილით მიმართეს და მოუწოდეს მას, გამოიყენოს მიმდინარე კვირაში მიმდინარე დიპლომატიური მოლაპარაკებები ვლადიმერ პუტინის უკრაინაში შემდგომი შეჭრისგან შეკავების მიზნით და მკაფიოდ დააფიქსიროს, რომ აშშ არ მიიღებს პუტინის მოთხოვნებს, NATO-ს უკარნახოს გადაწყვეტილებები.

სენატორები მხარდაჭერას უცხადებენ ბაიდენის ადმინისტრაციის დიპლომატიურ ძალისხმევას, რომლითაც პუტინისთვის ცხადი უნდა გახდეს, რომ აშშ-ისა და მისი მოკავშირეებისთვის მიუღებელია უკრაინის წინააღმდეგ აგრესია და უკრაინაში შეჭრა რუსეთისთვის მძიმე შედეგების გარეშე არ ჩაივლის.

სენატორებისთვის მიუღებელია რუსეთის მიერ გასაჯაროებული „უსაფრთხოების გარანტიები“, რომლითაც NATO-ს შემდგომი გაფართოების შეწყვეტას მოითხოვს.

„უკრაინის საზღვარზე რუსული სამხედრო ძალების თავმოყრით, ვლადიმერ პუტინის მიერ, ხელოვნურად შექმნილი კრიზისი, რუსეთის მეზობლების ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის პატივისცემის უარყოფაზე მიუთითებს.

რუსეთის მიერ დასავლეთის მთავრობებისთვის წარდგენილ „უსაფრთხოების გარანტიების“ სიაში პუტინმა ცალსახად მოითხოვა NATO-ში უკრაინის გაწევრიანების გამორიცხვა და გარანტიები, აღკვეთოს ალიანსის შემდგომი გაფართოება და აეკრძალოს NATO-ს, სამხედრო ტექნიკის განთავსება ქვეყნებში, რომლებიც შეუერთდნენ ალიანსს 1997 წლის შემდეგ. მსგავსი არაგონივრული მოთხოვნები ჩვენთვის მიუღებელია.

უსაფრთხოების გარანტიების ნაცვლად, ეს არის ევროპაში რუსული გავლენის სფეროს ხელახლა შექმნის მცდელობა, სადაც კრემლს თავისუფლად შეუძლია, აიძულოს და დააშინოს ისეთი ქვეყნები, როგორიცაა უკრაინა, საქართველო, მოლდოვა, ესტონეთი, ლატვია, ლიტვა, პოლონეთი და რუმინეთი - ქვეყნები, რომლებიც გახდნენ ამერიკის მტკიცე მოკავშირეები და პარტნიორები.

ჩვენ მხარს ვუჭერთ ჩვენს მოკავშირეებთან მჭიდრო თანამშრომლობას, რათა უზრუნველვყოთ კოორდინირებული და ცალსახა პასუხი. აუცილებელია, რომ შეერთებულმა შტატებმა აჩვენოს სიმამაცე და უარი თქვას პუტინის მოთხოვნების დაკმაყოფილებაზე.

მიმდინარე კვირის შეხვედრების ფონზე რუსეთის მთავრობასთან სტრატეგიული სტაბილურობის დიალოგის, რუსეთ-NATO საბჭოსა და ევროპის უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციის (ეუთო) მუდმივი საბჭოს სხდომის ფონზე, ჩვენ გვინდა, ხაზი გავუსვათ ორპარტიულ მხარდაჭერას:

_რუსეთს არ აქვს ვეტოს უფლება NATO-ს გაფართოებაზე, ამას გადაწყვეტენ მხოლოდ თავად NATO-ს წევრები; შეერთებული შტატები და მისი მოკავშირეები და პარტნიორები იცავენ პრინციპს „არავითარი გადაწყვეტილებები ან დისკუსიები უკრაინის შესახებ უკრაინის გარეშე“, რომელიც ასევე უნდა იყოს გამოყენებული საქართველოსთან მიმართებით;

_NATO-ში გაწევრიანების კარი ღია რჩება ევროპული ქვეყნებისთვის, რომლებიც მზად არიან, აიღონ წევრობის ვალდებულებები, რომელთა წევრობა ხელს შეუწყობს უსაფრთხოებას ევროატლანტიკურ სივრცეში.

_NATO-მ უნდა განიხილოს აღმოსავლეთ ფლანგზე სამხედრო წარმომადგენლობის გაზრდა, რაც მათ შორის ბალტიისპირეთის ქვეყნებში, პოლონეთსა და შავი ზღვის რეგიონში, რუსული აგრესიის შეკავებას მოემსახურება.

_უსაფრთხოების სფეროში დამატებითი მხარდაჭერა უკრაინისა და აღმოსავლეთ ევროპის სხვა ქვეყნებისთვის, რომლებსაც რუსეთი ემუქრება, აუცილებელია, რათა რუსეთს სამხედრო ოპერაციებისთვის მეტი საფასურის გადახდა მოუწიოს და ჩვენმა მოკავშირეებმა ანალოგიური ნაბიჯების გადადგმა უნდა განიხილონ.

_შეერთებულმა შტატებმა და ჩვენმა მოკავშირეებმა უნდა დაუწესონ სანქციები პუტინს და მისი ახლო გარემოცვის წევრებს, ვიდრე რუსეთი კვლავ ემუქრება აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნების უსაფრთხოებას;

_სამყარო, სადაც ავტორიტარებს სჯერათ, რომ გზის გაკვალვა იძულებისა და დაშინების გზით შეუძლიათ, საფრთხეს უქმნის ამერიკელების უსაფრთხოებას საზღვარგარეთ და მათივე კეთილდღეობას სამშობლოში“, - აღნიშნულია წერილში.