აშშ ავღანეთს ჰუმანიტარული დახმარების სახით დამატებით $308 მილიონს გამოუყოფს

აშშ ავღანეთს 308 მილიონ დოლარზე მეტ ჰუმანიტარულ დახმარებას გამოუყოფს.

ოქტომბრიდან დღემდე გამოყოფილი დახმარების ოდენობამ 782 მილიონი დოლარით შეადგინა.

თეთრი სახლის პრესსპიკერმა ემილი ჰორნმა განაცხადა, რომ თანხა მოხმარდება თავშესაფრებს, ჯანდაცვას, სურსათით დახმარებას, წყალს, კანალიზაციასა და ჰიგიენის სერვისებით უზრუნველყოფას. გარდა ამისა, ვაშინგტონი ავღანეთს დამატებით ერთ მილიონ დოზა ვაქცინას გადასცემს და მისი საერთო რაოდენობა კი 4,3 მილიონ დოზას მიაღწევს.

ბაიდენის ადმინისტრაციამ ოქტომბერში გამოაცხადა, რომ აშშ გაუგზავნის ჰუმანიტარულ დახმარებას ავღანეთს, ხოლო „თალიბების“ ოფიციალური აღიარებისგან თავშეკავებას და ავღანეთის საგარეო რეზერვების დაახლოებით 8 მილიარდი დოლარის გაყინვას განაგრძობს. ბაიდენის ადმინისტრაციამ დეკემბერში განაცხადა, რომ შეამსუბუქებს შეზღუდვებს, რათა ავღანეთის ჰუმანიტარული ჯგუფების დახმარება გაუმარტივოს.

შეგახსენებთ, აშშ-ისა და მისი მოკავშირეების ჯარებმა ავღანეთი 20-წლიანი მისიის შემდეგ დატოვეს. ავღანეთი აშშ-ის ბოლო სამხედრო თვითმფრინავებმა აგვისტოში დატოვეს.