მამუკა ხაზარაძის, ბადრი ჯაფარიძისა და ავთანდილ წერეთლის საქმეზე განაჩენი გამოცხადდა. მოსამართლე გიორგი არევაძემ განაჩენის წაკითხვისას განაცხადა, რომ ბრალი, რომელიც ფულის გათეთრებას მოიცავადა, გადაკვალიფიცირდა. სასამართლომ მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძე დამნაშავედ ცნო ჯგუფური თაღლითობის მუხლით და 7 წლის ვადით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა, თუმცა დევნის ხანდაზმულობის გამო სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობისგან გაათავისუფლა.
სასამართლო პროცესს არ ესწრებოდნენ თავად ბრალდბულები. ისინი პოლიტიკოსებთან ერთად „ლელოს“ ოფისში იყვნენ შეკრებილები.
ცნობისთვის, TBC ბანკის წინააღმდეგ 2008 წლის ტრანზაქციების საქმის შესწავლა პროკურატურამ 2019 წლის იანვარში დაიწყო, თებერვალში კი, საქართველოს ეროვნულმა ბანკმა განცხადება გაავრცელა და TBC ბანკის დამფუძნებლების, მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის, სამეთვალყურეო საბჭოდან გადადგომა მოითხოვა. განცხადებაში სებ-ი წერდა, რომ "ამ გადაწყვეტილების მიღების საფუძველია თიბისი ბანკის შემოწმებისას დაფიქსირებული ინტერესთა კონფლიქტის მარეგულირებელი კანონმდებლობის დარღვევის ფაქტები, რომლებიც 2007-2008 წლების ტრანზაქციებს უკავშირდება. საკითხის შესწავლისას გამოვლინდა თიბისი ბანკის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარისა და მოადგილის მიერ ინტერესთა კონფლიქტის მარეგულირებელი საკანონმდებლო მოთხოვნების დარღვევა".
რაც შეეხება ავთანდილ წერეთელს, პროკურატურა ბიზნესმენს ბადრი ჯაფარიძისთვის და მამუკა ხაზარაძისთვის უკანონო შემოსავლების ლეგალიზებაში დახმარებას ედავებოდა.