მამუკა ხაზარაძე: მოსამართლის პირით სიყალბე მოვისმინეთ

"თურმე თაღლითობა ჩაგვიდენია, რომელზეც გამოძიებაც კი არ არის ჩატარებული, არ არ არის დადგენილი არც დაზარალებული და არც მომჩივანი", - ამის შესახებ პარტია „ლელოს“ თავმჯდომარე მამუკა ხაზარაძემ განაცხადა, რითაც სასამართლოს მიერ მიღებულ დღევანდელი გადაწყვეტილება შეაფასა.

"ძალიან ნათელია ის სიყალბე, რომელიც მოვისმინეთ მოსამართლის პირით. ჩვენ გვედავებოდნენ 12 წლის წინანდელი, 2008 წელს ვითომდა ფულის გათეთრების მუხლით და უცებ ეს მუხლი გაქრა და 4 წლის შემდეგ 2012 წელს თურმე თაღლითობა ჩაგვიტარებია, რომელზეც გამოძიებაც კი არ არის ჩატარებული, არ არ არის დადგენილი არც დაზარალებული, არც მომჩივანი", - განაცხადა ხაზარაძემ.

ამასთან, მამუკა ხაზარაძის, ბადრი ჯაფარიძის და ავთანდილ წერეთლის საქმეზე განაჩენი ცნობილია

ცნობისთვის, TBC ბანკის წინააღმდეგ 2008 წლის ტრანზაქციების საქმის შესწავლა პროკურატურამ 2019 წლის იანვარში დაიწყო, თებერვალში კი, საქართველოს ეროვნულმა ბანკმა განცხადება გაავრცელა და TBC ბანკის დამფუძნებლების, მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის, სამეთვალყურეო საბჭოდან გადადგომა მოითხოვა. განცხადებაში სებ-ი წერდა, რომ "ამ გადაწყვეტილების მიღების საფუძველია თიბისი ბანკის შემოწმებისას დაფიქსირებული ინტერესთა კონფლიქტის მარეგულირებელი კანონმდებლობის დარღვევის ფაქტები, რომლებიც 2007-2008 წლების ტრანზაქციებს უკავშირდება. საკითხის შესწავლისას გამოვლინდა თიბისი ბანკის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარისა და მოადგილის მიერ ინტერესთა კონფლიქტის მარეგულირებელი საკანონმდებლო მოთხოვნების დარღვევა".

ასევე წაიკითხეთ: ბადრი ჯაფარიძე: არანაირი დანაშაული არ მომხდარა, სასამართლოს გადაწყვეტილებას გავასაჩივრებთ