პროკურორი: ე.წ. ფულის გათეთრების საქმეზე სასამართლომ ჩვენი ყველა მტკიცებულება გაიზიარა

"სასამართლომ გაიზიარა ჩვენი ყველა მტკიცებულება და ბადრი ჯაფარიძე, მამუკა ხაზარაძე და ავთანდილ წერეთელი დამნაშავეებად ცნო მივიღებთ სასამართლოს დასაბუთებულ განაჩენს, გავეცნობით ამ განაჩენს და შემდეგ მივიღებთ გადაწყვეტილებას", – ამის შესახებ ხაზარაძე-ჯაფარიძე-წერეთლის საქმის პროკურორმა, არჩილ ტყეშელაშვილმა განაცხადა.

პროკურორის თქმით, მტკიცებულებები ბრალდებულების წინააღდმდეგ საკმარისი იყო, რაც მოსამართლის გადაწყვეტილებიდანაც გამოჩნდა.

„ჩვენი მტკიცებულებები რომ საკმარისი იყო, ბრალდებულების გამტყუნებისთვის, ეს დადასტურდა, ვინაიდან სასამართლომ გამოიტანა გამამტყუნებელი განაჩენი და სამივე ბრალდებული საკმაოდ მძიმე დანაშაულში იქნა ცნობილი დამნაშავედ.

ბრალდების მხარეს მიგვაჩნია, რომ მტკიცებულებები, რომლებიც წარმოდგენილი იყო ადასტურებდა ბრალდებულების ბრალეულობას და კიდევ ერთხელ გეუბნებით, დადასტურდა ეს. სასამართლომ გამოიტანა გამამტყუნებელი განაჩენი. სამივე ბრალდებული ცნობილი იქნა დამნაშავედ. მტკიცებულებები, რაც გვქონდა წარდგენილი, აბსოლუტურად ყველა მტკიცებულება გაიზიარა სასამართლომ“, – განაცხადა პროკურორმა.

ამასთან, მამუკა ხაზარაძის, ბადრი ჯაფარიძის და ავთანდილ წერეთლის საქმეზე განაჩენი ცნობილია

ცნობისთვის, TBC ბანკის წინააღმდეგ 2008 წლის ტრანზაქციების საქმის შესწავლა პროკურატურამ 2019 წლის იანვარში დაიწყო, თებერვალში კი, საქართველოს ეროვნულმა ბანკმა განცხადება გაავრცელა და TBC ბანკის დამფუძნებლების, მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის, სამეთვალყურეო საბჭოდან გადადგომა მოითხოვა. განცხადებაში სებ-ი წერდა, რომ "ამ გადაწყვეტილების მიღების საფუძველია თიბისი ბანკის შემოწმებისას დაფიქსირებული ინტერესთა კონფლიქტის მარეგულირებელი კანონმდებლობის დარღვევის ფაქტები, რომლებიც 2007-2008 წლების ტრანზაქციებს უკავშირდება. საკითხის შესწავლისას გამოვლინდა თიბისი ბანკის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარისა და მოადგილის მიერ ინტერესთა კონფლიქტის მარეგულირებელი საკანონმდებლო მოთხოვნების დარღვევა".

რაც შეეხება ავთანდილ წერეთელს, პროკურატურა ბიზნესმენს ბადრი ჯაფარიძისთვის და მამუკა ხაზარაძისთვის უკანონო შემოსავლების ლეგალიზებაში დახმარებას ედავებოდა.

ასევე წაიკითხეთ: ბადრი ჯაფარიძე: არანაირი დანაშაული არ მომხდარა, სასამართლოს გადაწყვეტილებას გავასაჩივრებთ

მამუკა ხაზარაძე: მოსამართლის პირით სიყალბე მოვისმინეთ