დავით ზალკალიანი: ჩვენი პარტნიორები რუსეთის ფედერაციას კიდევ ერთხელ ეტყვიან, რომ NATO-ს გადაწყვეტილებები საქართველოსთან და უკრაინასთან მიმართებით არ გადაიხედება

"დარწმუნებული ვარ, დღესაც, რუსეთი-NATO-ს კომისიის ფარგლებში მიმდინარე განხილვებზე, ჩვენი NATO-ელი პარტნიორების პოზიცია იქნება უცვლელი. კიდევ ერთხელ ეტყვიან რუსეთის ფედერაციას, რომ NATO-ს გადაწყვეტილებები საქართველოსთან და უკრაინასთან მიმართებით არ გადაიხედება", – ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა ჟურნალიტებს განუცხადა.

მისივე თქმით, ქართულ მხარეს ბოლო დღეების განმავლობაში მთავარ სტრატეგიულ პარტნიორებთან ინტენსიური კომუნიკაცია ჰქონდა.

„ჩვენ ბოლო დღეების განმავლობაში ინტენსიური კომუნიკაცია გვქონდა ჩვენს პარტნიორებთან, ჩვენს მთავარ სტრატეგიულ პარტნიორთან, აშშ-სთან, ასევე NATO-სთან. მოგეხსენებათ, სატელეფონო საუბარი მქონდა სახელმწიფო მდივნის მოადგილე ვენდი შერმანთან. ის გახლავთ მთავარი მომლაპარაკებელი რუსეთთან უსაფრთხოების დიალოგის მიმართულებით. ასევე სატელეფონო საუბარი მქონდა NATO-ს გენერალური მდივნის მოადგილე მირჩა ჯოანასთან და ორივე საუბრის შინაარსი მაძლევს იმის თქმის საფუძველს, რომ ჩვენი პარტნიორების პოზიცია საქართველოსთან მიმართებით არის ურყევი, შეუცვლელი. მიუხედავად იმ მოთხოვნებისა და ძალიან მძაფრი რიტორიკისა, რომელიც ჩვენ გვესმის რუსეთის ფედერაციის მხრიდან, ჩვენი დასავლელი პარტნიორების პოზიცია არის ძალიან მყარი. მათ რუსეთის ფედერაციას კიდევ ერთხელ, ორმხრივი დიალოგის ფარგლებში მკაფიოდ განუმარტეს, რომ უსაფრთხოების გარანტიები და ალიანსების არჩევანი არის იმ ქვეყნის გადასაწყვეტი, რომელსაც სურს NATO-ში გაწევრიანება", - განაცხადა ზალკალიანმა.

ცნობისთვის, ბრიუსელში NATO-რუსეთის სამიტი მიმდინარეობს.

ასევე წაიკითხეთ: სტოლტენბერგი NATO-რუსეთის სამიტზე: დაძაბულობა მაღალია. ევროპული უსაფრთხოებისთვის კრიტილულად მნიშვნელოვან პერიოდში დიალოგი დროულია