ბრიტანეთის პრემიერმა აღიარა, რომ „ლოკდაუნის“ დროს ერთ-ერთ წვეულებას დაესწრო. ბორის ჯონსონის თქმით, ღონისძიებაზე 25 წუთი დაჰყო, რის გამოც ბოდიშს იხდის. 2020 წლის 20 მაისს ქვეყანაში სოციალური ღონისძიებების გამართვა შეზღუდული იყო. მაშინდელი რეგულაციების მიხედვით, ნებადართული იყო მხოლოდ მნიშვნელოვანი საჯარო შეკრებები. ადამიანებს სახლის დატოვება მხოლოდ განსაკუთრებულ შემთხვევებში შეეძლოთ.
ამიტომ, ოპოზიციამ ჯონსონს გადადგომისკენ მოუწოდა. ოპოზიციის აღშფოთება მოჰყვა ზოგიერთი თვითმხილველის მტკიცებას, რომ პრემიერ-მინისტრი და მისი მეუღლეც 2020 წლის მაისში, პრემიერის ოფისის ბაღში გამართულ ღონისძიებას ესწრებოდნენ, სადაც 30-მდე ადამიანი შეიკრიბა.
გავრცელებული ინფორმაციით, პრემიერის პირადმა მდივანმა ღონისძიებაზე მისაწვევი წერილი კოლეგებს ელ-ფოსტით გაუგზავნა, თუმცა ჯონსონი აღნიშნავს, რომ ეს წერილი არ უნახავს და ეგონა, რომ ეს იყო სამსახურთან დაკავშირებული ღონისძიება, რომლის შესახებაც რეზიდენციაში დაბრუნების დროს შეიტყო.
„მესმის იმ ადამიანების აღშფოთების, რომლებიც ფიქრობენ, რომ ხელისუფლება თავისივე დადგენილ წესებს არ იცავს. მე მივედი ამ წვეულებაზე, მადლობა გადავუხადე თანამშრომლებს გაწეული სამუშაოსთვის და 25 წუთში საკუთარ ოფისში დავბრუნდი. “, - განაცხადა ჯონსონმა პარლამენტში მიმდინარე მოსმენის დროს.