ზუგდიდის საკრებულოს სხდომა კვორუმის არარსებობის გამო ერთი თვით გადაიდო

ზუგდიდის საკრებულოს სხდომა კვორუმის არარსებობის გამო ერთი თვით გადაიდო. სხდომას „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ და „ქართული ოცნების“ რამდენიმე წარმომადგენელი არ ესწრებოდა.

დღევანდელ სხდომას 21 დეპუტატი ესწრებოდა, რაც კვორუმისთვის საკმარისი არ აღმოჩნდა.

სხდომის ერთი თვით გადადებას არ დაეთანხმნენ პარტია „გახარია - საქართველოსთვის" წევრები. პარტიის წევრმა გიგა ფარულავამ განაცხადა, რომ დროის გაყვანა აწყობს ორივე პარტიას და განსაკუთრებით მმართველ გუნდს.

„საზოგადოებამ დღეს კიდევ ერთხელ ნახა უპასუხისმგებლო დამოკიდებულება პარტიების, რომ პირველი სხდომიდან დღემდე, მეხუთე ჯერზე ვერ დგება კვორუმი“, - განაცხადა გიგა ფარულავამ.

მმართველ გუნდის წევრმა ირაკლი გოგოხიამ განაცხადა, რომ არ შედგა კვორუმი და აქედან გამომდინარე სხდომა უნდა გადაედოთ.

„ვნახოთ, შეიძლება ოპოზიცია გაერთიანდეს და აირჩიონ საკრებულოს თავმჯდომარე. ჩვენ ვითანამშრომლებთ. საღი აზრი გაიმარჯვებს, მე ასე მგონია",- განაცხადა გოგოხიამ.