იენს სტოლტენბერგი NATO-რუსეთის სამიტის შემდეგ: ჩვენი უთანხმოების გადალახვა მარტივი არ იქნება

NATO-ს მოკავშირეებმა სერიოზული შეშფოთება გამოხატეს უკრაინაში და მის გარშემო რუსული სამხედრო ძალების გაძლიერების გამო და მოუწოდეს რუსეთს სიტუაციის დაუყონებლივი დეესკალაციისაკენ. მოკავშირეებმა ასევე მოუწოდეს რუსეთს, პატივი სცეს მეზობლების სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას. მათ ასევე მოუწოდეს რუსეთს, თავი შეიკავოს მოკავშირეების წინააღმდეგ მიმართული მავნე ქმედებისაგან და დაიცვას ყველა საერთაშორისო ვალდებულება. ამის შესახებ ალიანსის გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა ბრიუსელში, NATO-რუსეთის სამიტის შემდგომ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

ალიანსის გენმდივნის თქმით, ეს დიალოგი რთულია, მაგრამ კიდევ უფრო აუცილებელი. მისივე განცხადებით, NATO-ს მოკავშირეებმა ხაზგასმით აღნიშნეს, რომ ისინი ყველა ძალისხმევას გამოიყენებენ, რათა იპოვონ წინსვლის პოლიტიკური გზა.

„ახლახან ვუძღვებოდი NATO-რუსეთის საბჭოს სხდომას. ევროპის უსაფრთხოებისთვის გადამწყვეტ მომენტში. ეს არ იყო მარტივი დისკუსია. მაგრამ სწორედ ამიტომ იყო ეს შეხვედრა ასეთი მნიშვნელოვანი. ჩვენ გვქონდა აზრთა ძალიან სერიოზული და პირდაპირი გაცვლა უკრაინაზე, მის გარშემო არსებულ ვითარებასა და მის გავლენებზე ევროპის უსაფრთხოებაზე. ყველა ამ საკითხზე NATO-ს მოკავშირეებსა და რუსეთს შორის მნიშვნელოვანი განსხვავებებია. ჩვენი უთანხმოების გადალახვა მარტივი არ იქნება.

მაგრამ პოზიტიური ნიშანია, რომ ყველა მოკავშირე და რუსეთი ერთ მაგიდასთან ისხდნენ და არსებით საკითხებზე ისაუბრეს ორი წლის შემდეგ, იმ პირობებში, როდესაც ასეთი შეხვედრების ორგანიზება ვერ ხერხდებოდა. დღეს რუსეთმა წამოაყენა წინადადებები, რომლებიც მათ დეკემბერში გამოაქვეყნეს და მიზნად ისახავს უსაფრთხოების საკითხზე მათი შეშფოთების მოგვარებას. ეს მოიცავს მოთხოვნებს NATO-ში ახალი წევრების მიღების შეწყვეტის შესახებ და ძალების გაყვანას აღმოსავლელი მოკავშირეების ტერიტორიიდან. თავის მხრივ, მოკავშირეებმა კიდევ ერთხელ დაადასტურეს NATO-ს ღია კარის პოლიტიკისადმი ერთგულება და რომ თითოეულ ერს აქვს უფლება, აირჩიოს საკუთარი უსაფრთხოების ზომები. მოკავშირეებმა ნათლად განაცხადეს, რომ ისინი უარს არ იტყვიან ერთმანეთის დაცვაზე მათ შორის ალიანსის აღმოსავლეთ ნაწილში ჯარების არსებობით“, - განაცხადა იენს სტოლტენბერგმა.

ამავდროულად, მისი თქმით, რუსეთმა და NATO-ს მოკავშირეებმა დააფიქსირეს დიალოგის განახლებისა და მომავალი შეხვედრების დაგეგმვის აუცილებლობა.

„NATO-ს მოკავშირეები მზად არიან, კვლავ შეხვდნენ რუსეთს უფრო დეტალური დისკუსიის გასამართად, ონკრეტული წინადადებების წამოსაწევად და კონსტრუქციული შედეგების მოძიების მიზნით. კერძოდ, მოკავშირეებს სურთ, განიხილონ სამხედრო წვრთნების გამჭვირვალობის გაზრდის კონკრეტული გზები, საშიში სამხედრო ინციდენტების თავიდან აცილება და კოსმოსური და კიბერ საფრთხეების შემცირება. მოკავშირეებმა ასევე სურთ შეიარაღების კონტროლის, განიარაღების და ბირთვული გაუვრცელებლობის შესახებ საკითხების განხილვა, რაკეტებზე ორმხრივი შეზღუდვის და ბირთვული პოლიტიკის ჩათვლით“, - აღნიშნა სტოლტენბერგმა.