იენს სტოლტენბერგი NATO-რუსეთის სამიტის შემდეგ: მოკავშირეებმა მოუწოდეს რუსეთს, გაიყვანოს ძალები საქართველოდან, უკრაინიდან და მოლდოვიდან

რუსეთს ჰყავს სამხედრო ძალები საქართველოში, უკრაინასა და მოლდოვაში და ეს ძალები იქ ამ ქვეყნების მთავრობების თანხმობის გარეშე იმყოფებიან, არავის მიუწვევია და მათი იქ ყოფნა არავის სიამოვნებს, - განაცხადა NATO-ს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა NATO-რუსეთის საბჭოს შეხვედრის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე. NATO-ს მოკავშირეებმა მოუწოდეს რუსეთს, გაიყვანოს საკუთარი ჯარი საქართველოდან, უკრაინიდან და მოლდოვადან.

„დღევანდელ შეხვედრაზე NATO-ს მოკავშირეებმა მოუწოდეს რუსეთს, რომ გაიყვანოს ეს ძალები და პატივი სცეს საქართველოს, უკრაინისა და მოლდოვას ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტს.

ევროპაში მშვიდობისა და უსაფრთხოების უზრუნველყოფისთვის ფუნდამენტურ პრინციპს წარმოადგენს ყველა ქვეყნის საზღვრების პატივისცემა. NATO-ს მოკავშირეები მზად არიან რუსეთთან დიალოგში ჩაერთონ, მაგრამ ჩვენ არ წავალთ დათმობაზე ძირითად პრინციპებთან დაკავშირებით, ჩვენ არ წავალთ დათმობაზე ევროპის რომელიმე ქვეყნის სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობასთან დაკავშირებით, არ წავალთ დათმობაზე ქვეყნების უფლებებთან დაკავშირებით, აირჩიოს საკუთარი გზა, მათ შორის საკუთარი უსაფრთხოების ზომები.

ჩვენ ასევე არ წავალთ დათმობაძე, მოკავშირეების უფლებასთან მიმართებით, დაიცვან ერთმანეთის უსაფრთხოება“, - განაცხადა იენს სტოლტენბერგმა.

მისივე თქმით, მოკავშირეებმა კიდევ ერთხელ დაადასტურეს NATO-ს ღია კარის პოლიტიკისადმი ერთგულება და რომ თითოეულ ერს აქვს უფლება, აირჩიოს საკუთარი გზა უსაფრთხოების ზომები.

„მხოლოდ მოკავშირეების და უკრაინის გადასაწყვეტია, როდის გაწევრიანდება ქვეყანა NATO-ში, რუსეთს არ აქვს ვეტოს უფლება. მოკავშირეები მზად არიან, მხარი დაუჭირონ უკრაინას გაწევრიანების გზაზე, რეფორმების გზით“, - დაამატა ალიანსის გენმდივანმა.