აშშ-ის სენატის კანონპროექტის მიხედვით, უკრაინაში შეჭრის შემთხვევაში, პერსონალური სანქციები ვლადიმერ პუტინსაც დაუწესდება

აშშ-ის სენატმა კანონპროექტი გამოაქვეყნა, რომელიც უკრაინაში შეჭრის შემთხვევაში, ვლადიმერ პუტინის წინააღმდე დაწესებას ითვალისწინებს. სანქციები ქონების დაბლოკვასა და აშშ-ში შესვლის აკრძალვას ითვალისწინებს. კანონპროექტი ასევე ითვალისწინებს უკრაინისთვის $500 მილიონიან დახმარებას.

კანონპროექტი სენატორმა რობერტ მენენდესმა წარადგინა.

სანქციების სამიზნეები მის გარდა შეიძლება გახდნენ რუსეთის პრემიერ-მინისტრი, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, რუსეთის თავდაცვის მინისტრი და სხვა სამხედრო მაღალჩინოსნები.

სანქციები არამხოლოდ რუსეთის უკრაინის ტერიტორიაზე შეჭრის შემთხვევაში, არამედ მოსკოვისა და მის მიერ კონტროლირებადი ძალების მხრიდან შემდგომი ესკალაციის შემთხვევაშიც შეიძლება დაწესდეს.

კანონპროექტის თანახმად, აშშ-ის ხელისუფლებამ ვლადიმერ პუტინის ახლო გარემოცვიდან იმ პირებისა და კომპანიების სია უნდა განსაზღვროს, რომლებსაც სანქციები დაუწესდებათ.

გარდა ამისა, კანონის მიღებიდან 180 დღეში, აშშ-ის ხაზინის დეპარტამენტმა, სახელმწიფო დეპარტამენტმა და ეროვნული დაზვერვის სამსახურმა დეტალური ანგარიში უნდა გამოაქვეყნონ ვლადიმერ პუტინის, მისი ახლობლებისა და ახლო გარემოცვის ქონების შესახებ.