ვენდი შერმანი NATO-რუსეთის საბჭოს შემდეგ: აშშ-მ და NATO-ს მოკავშირეებმა მკაფიოდ განაცხადეს, რომ NATO-ს ღია კარის პოლიტიკა არ დაიხურება

აშშ-მ და NATO-ს მოკავშირეებმა მკაფიოდ განაცხადეს, რომ NATO-ს ღია კარის პოლიტიკა არ დაიხურება, - განაცხადა აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილემ, ვენდი შერმანმა NATO-რუსეთის საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე.

მისი თქმით, NATO-ს მოკავშირეებმა ერთსულოვნად დაუჭირეს მხარი მნიშვნელოვან საერთაშორისო პრინციპს, რომ ყველა ქვეყანას საგარეო პოლიტიკის საკუთარი კურსის არჩევა უნდა შეეძლოს.

„აშშ მტკიცედ უჭერს მხარს პოლიტიკას, რომლის თანახმად, უკრაინის შესახებ გადაწყვეტილებებს უკრაინის გარეშე არ მივიღებთ. ეს ევროპასა და NATO-საც ეხება. NATO-რუსეთის საბჭოს სხდომაზე აშშ-მ და NATO-ს მოკავშირეებმა მკაფიოდ განაცხადეს, რომ NATO-ს ღია კარის პოლიტიკა არ დაიხურება. ეს პოლიტიკა ყოველთვის მნიშვნელოვანი იყო NATO-ს ალიანსისთვის. როგორც თავდაცვითი ალიანსი, NATO-ს მიზანი მისი წევრი სახელმწიფოების დაცვაა.

NATO-ს არასდროს გაფართოებულა ძალის გამოყენებით. ეს ქვეყნების სუვერენული არჩევანია, რომლებსაც ალიანსში გაწევრიანება სურთ. ალიანსი კონფრონტაციას არ ეძებს და რუსეთისთვის საფრთხეს არ წარმოადგენს“, - განაცხადა აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილემ.