მესამე პრეზიდენტი: ჩემს "თანამზრახველებს" თვითონაც არ ვიცნობ

"თვითონაც არ ვიცნობ ჩემს "თანამზრახველებს", რეალურად არც გამიგია, ვინ არის გიორგი ნარიმანიძე ცხოვრებაში, წოწორიებიც ვიცი ტელევიზორიდან", - ამის შესახებ საქართველოს ექსპრეზიდენტმა, მსჯავრდებულმა მიხეილ სააკაშვილმა საზღვრის უკანონო კვეთის საქმეზე მიმდინარე სასამართლო პროცესზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

„თავიდანვე მოვუწოდე მათ, რომ ყველაფერი, რასაც ეტყოდნენ, დაეწერათ, იმიტომ, რომ ამას არანაირი მნიშვნელობა არ აქვს და მე მინდა კიდევ ერთხელ ბოდიში მოვუხადო, რომ ჩემ გამო ადამიანები დაიჩაგრნენ. მე ყველაზე უკანასკნელი რაც მინდოდა, ყოფილიყო ის, რომ ეს ადამიანები ყოფილიყვნენ რაღაცნაირად დაჩაგრული. ნარიმანიძე გიორგი ასევე, აი ხომ ხედავთ, მე თვითონაც არ ვიცნობ ჩემს "თანამზრახველებს", რეალურად არც გამიგია, ვინ არის გიორგი ნარიმანიძე ცხოვრებაში, წოწორიებიც ვიცი ტელევიზიიდან“, - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

ცნობისთვის, თბილისის საქალაქო სასამართლოში საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონო კვეთაში ბრალდებული მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესი მიმდინარეობს.

შეგახსენებთ, რომ მიხეილ სააკაშვილის მიერ საზღვრის უკანონო კვეთის ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება პირველ ოქტომბერს დაიწყო. აღნიშნული საქმის ფარგლებში ბრალდება კიდევ 4 პირს - ელგუჯა ცომაიას, ზურაბ და შალვა წოწორიებსა და გიორგი ნარიმანიძეს აქვთ წაყენებული და ის ცალკე წარმოებად მიმდინარეობს.

ასევე წაიკითხეთ: მიხეილ სააკაშვილი მოსამართლეს: ნულოვანი პატივისცემა მაქვს თქვენი სასმართლოს მიმართ