ბადრი ჯაფარიძე: „ქართული ოცნება“ ჩემთვის მანდატის მოხსნის საკითხს თუ განიხილავს, ეს პოლიტიკური დევნა იქნება

ბადრი ჯაფარიძის თქმით, „ქართულ ოცნებისგან“ სადეპუტატო უფლებამოსილების შეწყვეტის საკითხზე კატეგორიული განცხადებები ჯერ არ მოუსმენია.

ჯაფარიძის თქმით, მისთვის მანდატის მოხსნის საკითხს თუ განიხილავს „ქართული ოცნება“, ეს შეფასებული იქნება, როგორც პოლიტიკური დევნის ახალი ტალღის მცდელობა.

„გუშინ, ჩვენ გაგვამართლეს იმ ბრალთან დაკავშირებით, რომელიც სამი წელია წაყენებული გვაქვს, გუშინ რაღაც ახალი ბრალი გამოჩნდა. რაც შეეხება ჩემთვის სადეპუტატო უფლებამოსილების შეწყვეტას, „ქართული ოცნების“ ლიდერების შეფასებას ვუსმინე, ისინი ამბობენ, რომ ამ თემას განიხილავენ, შეაფასებენ. მათგან რაიმე კატეგორიული განცხადება არ მომისმენია. თუ იქნება ამ მიმართულებით რაიმე მოძრაობა, ეს შეფასებული იქნება, როგორც მცდელობა პოლიტიკური დევნის ახალი ტალღის. ჯერჯერობით „ქართული ოცნების“ მხრიდან ამ საკითხზე კატეგორიული განცხადება არ მომისმენია“,- განაცხადა ჯაფარიძემ.

ამასთან, თაღლითობაში დადანაშაულებულ ბადრი ჯაფარიძეს შესაძლოა, სადეპუტატო მანდატი შეუწყდეს - საქალაქო სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენი, შესაძლოა, მისთვის საპარლამენტო უფლებამოსილების შეწყვეტის საფუძველი გახდეს.

საკითხზე საპროცედურო და წესების კომიტეტმა უნდა იმსჯელოს, რეგლამენტში კი წერია, რომ პარლამენტის წევრს უფლებამოსილება ვადამდე უწყდება, თუ იგი კანონიერ ძალაში შესული სასამართლოს განაჩენით ცნობილია დამნაშავედ.

ცნობისთვის, თბილისის საქალაქო სასამართლომ მამუკა ხაზარაძის, ბადრი ჯაფარიძისა და ავთანდილ წერეთლის საქმეზე გამამტყუნებელი განაჩენი დაადგინა.