„ომიკრონის“ შემთხვევებიდან 16% რეინფიცირებაა

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის განცხადებით, საქართველოში, ლაბორატორიულად „ომიკრონის“ 1009 შემთხვევაა დადასტურებული, აქედან ჰოსპიტალიზაცია კი მხოლოდ 14-ს დასჭირდა. 33%-34% არავაქცინირებულია, შემთხვევათა უმრავლესობა თბილისში დაფიქსირდა - 61%. 16% რეინფიცირებაა.

ამირან გამყრელიძის განცხადებით, „ომიკრონის“ ცირკულაცია ქვეყანაში იზრდება და სავარაუდოდ, ამ კვირის ბოლოს დადებითი შემთხვევების 60%-მდე „ომიკრონის“ დადასტურებული შემთხვევები იქნება.

„უკვე იმდენად მაღალია საეჭვო შემთხვევების რაოდენობა, რომ ლაბორატორიულად საერთო დიაგნოსტირებულებში უკვე 60%-ს ასცილდა. მოგეხსენებათ ეს სეკვენირება და „ომიკრონსპეციფიკური“ PSR ტესტები არ არის იმდენი რაოდენობით, რომ ყველა ლაბორატორიულად დადასტურდეს. აქედან გამომდინარე მხოლოდ შერჩევითად ხდება დაახლოებით 20%-ის გამოგზავნა. დღეს დადასტურებულ 5000 შემთხვევაში „ომიკრონს“ ვანგარიშობთ 45%-ს. 5000-დან ყველა შემთხვევა „ომიკრონი“ არ არის „დელტაც“ არის.

1009 შემთხვევიდან მხოლოდ 14-ის ჰოსპიტალიზაცია მოხდა, 12-მა უკვე კლინიკა დატოვა. აქედან არცერთს არ დასჭირვებია ინტენსიური და რეანიმაციული დახმარება. ერთი იყო 37 კვირის ორსული, რომელიც ასევე გაიწერა ნორმალურ მდგომარეობაში“, - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

მისივე თქმით, საერთაშორისო მონაცემებით, შემცირებულია ინკუბაციის პერიოდი, ასევე ჰოსპიტალიზაცია და ამას განსაკუთრებით ცხადყოფს აშშ-ის მონაცემები.

„აცრილებში მიდის მარტივად, „ბუსტერიზაცია“ მთავარი დამცავი საშუალებაა. ჩვენთან შემთხვევების უმრვლესობა დაკავშირებულია სამთხო-სათხილამურო კურორტებიდან დაბრუნებულ ადამიანებს“, - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.