მაიკლ კარპენტერი: უკრაინის საზღვართან რუსეთის სამხედრო ძალების უპრეცედენტო კონცეტრაცია ვნახეთ. მზად უნდა ვიყოთ სიტუაციის შესაძლო ესკალაციისთვის

ეუთოში აშშ-ის ელჩმა მაიკლ კარპენტერმა მედიასთან შეხვედრაზე განაცხადა, რუსეთის მიერ უკრაინის საზღვართან ძალების უპრეცედენტო თავმოყრა, უამრავ კითხვას ტოვებს რუსეთის განზრახვების შესახებ.

„ჩვენ ვნახეთ მასიური და უპრეცედენტო სამხედრო ჯარების თავმოყრა უკრაინის საზღვართან, რაც ტოვებს უამრავ შეკითხვას, თუ რა განზრახვა აქვს რუსეთს. ჩვენ ეს ძალიან სერიოზულად უნდა მივიღოთ, საბოლოოდ, მზად უნდა ვიყოთ შესაძლო ესკალაციისთვის.

სწორედ ამიტომ აცხადებს აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი, რომ შერთებული შტატები თავის მოკავშირეებთან და პარტნიორებთან ერთად მზად არიან, დიდი ფასი გადაახდევინონ რუსეთს. ამავე დროს, ჩვენ უნდა და გადავდგათ ნაბიჯები დეესკალაციისკენ“, - აღნიშნა კარპენტერმა და დაამატა, რომ ყველას სურს, დაინახოს სივრცე დიპლომატიისთვის.

შეგახსენებთ, 12 იანვარს NATO-მ განაცხადა, რომ მზადაა, ისაუბროს რუსეთთან შეიარაღების კონტროლისა და რაკეტების განლაგების შესახებ, რათა თავიდან აიცილოს ომის რისკი ევროპაში, მაგრამ მოსკოვმა უპასუხა, სიტუაცია „ძალიან საშიშია" და რომ წინსვლის გზა გაურკვეველია. საერთაშორისო მედია წერს, რომ შეერთებულ შტატების, მისი მოკავშირეებისა და რუსეთის პოზიციებს შორის უფსკრული ისეთი ღრმაა, როგორც არასდროს.

ბრიუსელში ოთხსაათიანი მოლაპარაკებები, რაც ამ კვირაში უკვე მეორე მცდელობა იყო კრიზისის განმუხტვის, უკრაინის მახლობლად რუსული ჯარების დაგროვებით იყო გამოწვეული. NATO-ს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა თქვა, რომ ალიანსს სურს, მოლაპარაკება გამართოს შეიარაღების კონტროლზე, მაგრამ რუსეთს არ აქვს ვეტოს უფლება NATO-ს გაფართოებაზე - მთავარ მოთხოვნაზე, რომელსაც რუსეთი ამბობს, რომ არ დათმობს.

ცნობისთვის, შეერთებული შტატები, NATO-ს მოკავშირეები და უკრაინა მოსკოვს უკრაინის საზღვართან ჯარების თავმოყრაში ადანაშაულებენ. კიევი აცხადებს, რომ შიშობს, რუსეთი თავდასხმას გეგმავს. უკრაინის თავდაცვის მინისტრმა 3 დეკემბერს, პარლამენტში დაზვერვის ანგარიშებზე დაყრდნობით განაცხადა, რომ რუსეთმა 94 000-ზე მეტი ჯარისკაცი განათავსა უკრაინის საზღვრებთან და შესაძლოა მოემზადოს იანვრის ბოლოს ფართომასშტაბიანი სამხედრო შეტევისთვის.

ალექსეი რეზნიკოვმა აღნიშნა, რომ დაზვერვა აანალიზებს ყველა სცენარს, მათ შორის ყველაზე უარესს. მისივე თქმით, რუსეთის მხრიდან ფართომასშტაბიანი ესკალაციის ალბათობა არსებობს. მინისტრის თქმით, უკრაინა პროვოცირებას არ მოახდენს, თუმცა მზადაა, შეტევას უპასუხოს.