ენტონი ბლინკენი: NATO-ს კარი ღიაა. წერტილი

NATO ღია კარის პოლიტიკაზე უარს არ იტყვის, ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა ტელეკომპანია MSNBC-თან ინტერვიუში განაცხადა. ბლინკენის თქმით, ერთი ქვეყანა ვერ უკარნახებს მეორეს, რა არჩევანი უნდა გააკეთოს, ეს მოსახლეობის გადასაწყვეტია.

„NATO-ს კარი ღიაა, თუ ქვეყნებს ალიანსში გაწევრიანება სურთ. ეს მათი სუვერენული უფლებაა. რა თქმა უნდა, თუ ისინი კრიტერიუმებს აკმაყოფილებენ. NATO -ს კარი ღიაა - ეს ფუძემდებელი პრინციპია და რუსეთი ცდილობს უარი გვათქმევინოს ამ პრინციპზე, ჩვენ ამას არ გავაკეთებთ. ეს საკითხი მოლაპარაკებების საგანი არ არის“, - განაცხადა ენტონი ბლინკენმა.

მისივე თქმით, ევროპის უსაფრთხოების სისტემისთვის გამოწვევა არა NATO-სგან, არამედ რუსეთისგან მოდის, NATO არ შეჭრილა საქართველოში, NATO არ შეჭრილა უკრაინაში, ეს რუსეთმა გააკეთა.