ბიძინა კულუმბეგოვი: საქართველოსთვის მომავალი თვენახევარი კოვიდ-კრიტიკულია

ალერგოლოგ-იმუნოლოგის, ბიძინა კულუმბეგოვის თქმით, საქართველოსთვის მომავალი თვენახევარი კოვიდ-კრიტიკულია.

მისივე თქმით, ომიკრონი სწრაფად ვრცელდება და სტაციონარებში პაციენტების მოხვედრის რისკებიც ძალიან მაღალია.

„ომიკრონი“ ისე არ არის, რომ კოვიდი დასუსტდდა და არ არის მკვლელი ვირუსი. ის, როგორც გრიპის ვირუსი, დაახლოებით 1000 დაავადებულიდან 1-2 ადამიანის სიკვდილობას მაინც იწვევს, ამიტომ ჩვენ რაც უფრო მეტი ადამიანი გაგვიხდება ავად, სამწუხაროდ, იქნებიან გარდაცვლილებიც და ჰოსპიტალში მოხვედრილი ადამიანებიც. ამიტომ, ყურადღება არ უნდა მოვადუნოთ არც ერთი წუთით - შემდგომი თვენახევარი, 2 თვე არის ძალიან კრიტიკული ჩვენი ქვეყნისთვის“, - განაცხადა კულუმბეგოვმა.

ცნობისთვის, კორონავირუსის ახალი ვარიანტი პირველად ნოემბერში სამხრეთ აფრიკაში გამოვლინდა. წინასწარი კვლევების თანახმად, მიუხედავად გავრცელების მაღალი შესაძლებლობებისა, „ომიკრონი“ შედარებით ნაკლებად მძიმე სიმპტომებს იწვევს, თუმცა ის ვაქცინების ეფექტიანობას ამცირებს.

„ომიკრონის“ მიმართ ვაქცინების ეფექტიანობის შემცირებაზე მიუთითებს Pfizer-ის კვლევაც, რომლის თანახმად, Pfizer/BioNTech-ის ვაქცინის მხოლოდ ორი დოზა შედარებით ნაკლებად იცავს ადამიანის ორგანიზმს, ვიდრე ეს „დელტა“ შტამის შემთხვევაშია შესაძლებელი. ანალოგიური შედეგი დაფიქსირდა სხვა ვაქცინების კვლევის შემთხვევაშიც. ამიტომ, სპეციალისტები მოსახლეობას „ბუსტერ“ დოზით აცრისკენ მოუწოდებენ.

ამასთან, წინასწარი კვლევით, „ომიკრონი“ სასუნთქ გზებში სწრაფად ვრცელდება, თუმცა ფილტვებამდე 10-ჯერ უფრო ნელა აღწევს. ამ დრომდე, ოფიციალურად სპეციალისტებს არ დაუდასტურებიათ, რომ ამ შტამის წინააღმდეგ ახალი ვაქცინაა საჭირო. თუმცა Pfizer-მა 10 იანვარს განაცხადა, რომ „ომიკრონის“ საწინააღმდეგო ვაქცინა მარტისთვის მზად იქნება.

ასევე წაიკითხეთ: ბიძინა კულუმბეგოვის თქმით, „ომიკრონის“ „ცუნამის“ წინ ეპიდემიური საფრთხის შემცველი ღონისძიებების გამართვა ალოგიკურია