მარჯანიშვილის თეატრი სამხატვრო ხელმძღვანელის პოზიციასთან დაკავშირებით, განმარტებას ავრცელებს

მარჯანიშვილის თეატრის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, რეჟისორი ლევან წულაძე მარჯანიშვილის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელის პოზიციაზე გამოცხადებულ კონკურსში მონაწილეობას მიიღებს.

მისივე განცხადებით, ლევან წულაძეს, ხელშეკრულებით განსაზღვრული სამხატვრო ხელმძღვანელის პოზიციის ოთხწლიანი ვადა ამოეწურა.

"ტელევიზიაში გავრცელდა ინფორმაცია რომ ლევან წულაძე გაათავისუფლეს მარჯანიშვილის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელის თანამდებობიდან. მოგახსენებთ, რომ მარჯანიშვილის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელს, ლევან წულაძეს, გაუვიდა ხელშეკრულებით განსაზღვრული სამხატვრო ხელმძღვანელის პოზიციის ოთხ წლიანი ვადა.

თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელის პოზიციაზე გამოცხადდება კონკურსი. ასეთი კონკურსი ტარდება 4 წელიწადში ერთხელ. ლევან წულაძეს მიღებული აქვს მონაწილეობა კონკურსებში აქამდე რამდენიმეჯერ. ასეთივე კონკურსია გამოცხადებული საქართველოს თითქმის ყველა თეატრში. ჭოლა, როგორც აქამდე, ახლაც მიიღებს მონაწილეობას კონკურსში, - ნათქვამია განცხადებაში.

ცნობისთვის, ამ საკითხთან დაკავშირებით, კულტურის მინისტრმაც გააკეთა კომენტარი. თეა წულუკიანის თქმით, ლევან წულაძე მარჯანიშვილის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელის თანამდებობიდან არ გათავისუფლებულა და მას "ვადა გაუვიდა".

"ვისაც ვადა გაუვიდა და ზოგიერთი მათგანი მართლაც ხელახლა აპირებს კანდიდატობას, შემოიტანს ისიც პოზიციაზე, რა თქმა უნდა, მისი განაცხადიც, როგორც ნებისმიერი სხვა, იქნება განხილული", - განაცხადა თეა წულუკიანმა.