14 იანვარი საქართველოს სახელმწიფო დროშის დღეა

საქართველო სახელმწიფო დროშის დღეს აღნიშნავს. საქართველოს პარლამენტმა ორგანული კანონი სახელმწიფო დროშის შესახებ, 2004 წელს მიიღო. 14 იანვარი, როგორც სახელმწიფო დროშის დღე 2012 წლიდან აღინიშნება.

საქართველოს სახელმწიფო დროშა საქართველოს ეროვნული სიმბოლოა გერბთან და ჰიმნთან ერთად, ის შემოღებულ იქნა საქართველოს ორგანული კანონის საფუძველზე, რომელიც ძალაში შევიდა საქართველოს პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებლის ხელმოწერის შემდეგ 2004 წლის 14 იანვრიდან.

მისალოც ტექსტში პარლამენტის თავმჯდომარემ აღნიშნა, რომ "ქართული დროშა აღიმართება ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების დროშების გვერდით - იქ, სადაც არის მისი ბუნებრივი ადგილი“.

„სახელმწიფოებრიობისა და ეროვნული თვითმყოფადობის ამ უმთავრესმა სიმბოლომ შეაკავშირა ყველა, ვისთვისაც ძვირფასია ჩვენი სამშობლო, მისი წარსული, აწმყო და მომავალი. ვისთვისაც საქართველოს წინსვლა და განვითარება უპირველესი პრიორიტეტია. უძველესი ხუთჯვრიანი დროშა აერთიანებს ჩვენს მისწრაფებებს და ღირებულებებს. მისი ისტორია ნათლად ადასტურებს საქართველოს ევროპულ არჩევანს“, - აღნიშნავს პარლამეტის თავმჯდომარე.

შალვა პაპუაშვილის თქმით, ხელისუფლება განაგრძობს მუშაობას "ქართველი ხალხის მიერ მტკიცედ გამოხატული ნების შესასრულებლად და უმთავრესი საგარეო პოლიტიკური მიზნის მისაღწევად".