NATO-ს სამხედრო კომიტეტის თავმჯდომარე: NATO დაეხმარება საქართველოს და უკრაინას, რომ მათ ჰქონდეთ ინსტრუმენტები საკუთარი უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად

NATO-ს სამხედრო კომიტეტის სხდომაზე თავდაცვის ძალების მეთაურმა რეგიონში არსებულ უსაფრთხოების გარემოსა და საქართველოს თავდაცვის ძალების ტრანსფორმაციის პროცესზე ისაუბრა.

ყურადღება გამახვილდა შავი ზღვისა და კავკასიის რეგიონში უკანასკნელ პერიოდში რუსეთის ფედერაციის მხრიდან გაზრდილი სამხედრო პროვოკაციებსა და მზარდი მილიტარიზაციის პროცესებზე.

„როგორც უკრაინა, ასევე საქართველო უკიდურესად რთული ვითარების წინაშე დგანან და არამხოლოდ საკუთარ უსაფრთხოებას უზრუნველყოფენ, არამედ ახორციელებენ შთამბეჭდავ სოციალურ და უსაფრთხოების რეფორმებს, რომლებიც სარგებელს მოუტანს მთელ მათ ხალხს.

ჩვენ კვლავ დავაფიქსირეთ ჩვენი მუდმივი მხარდაჭერა მათი ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მიმართ. NATO დაეხმარება საქართველოს და უკრაინას, რომ მათ ჰქონდეთ ინსტრუმენტები საკუთარი უსაფრთხოებისა და სუვერენიტეტის უზრუნველსაყოფად, მაგრამ ასევე შემდგომში წვლილი შეიტანონ საერთო ევროპულ უსაფრთხოებაში“, - განაცხადა ადმირალმა რობ ბაუერმა.

თავის მხრივ, საქართველოს თავდაცვის ძალების მეთაურმა NATO-ს წევრი ქვეყნების სამხედრო მეთაურებს მიაწოდა ინფორმაცია საქართველოს თავდაცვის ძალების გრძელვადიანი დაგეგმვის დოკუმენტებზე და თავდაცვის ძალების საბრძოლო შესაძლებლობების განვითარების სამომავლო გეგმებზე.შეხვედრაზე ისაუბრეს საქართველოში მრავალეროვნული სამხედრო სწავლებების ჩატარების მნიშვნელობასა და საქართველოს საწვრთნელი შესაძლებლობებისა განვითარების მიმართულებით საერთაშორისო მხარდაჭერის როლზე.

„საუბარი ასევე შეეხო, 2022 წელს NATO-საქართველოს ერთობლივი სწავლების დაგეგმვის პროცესის მიმდინარეობას.ნატო-ს წევრი ქვეყნების თავდაცვის ძალების მეთაურებს ასევე მიეწოდათ ინფორმაცია NATO-საქართველოს არსებითი პაკეტის (SNGP) მიმდინარეობისა და სამომავლო ამოცანების შესახებ. აღინიშნა, SNGP-ის როლი და მნიშვნელობა თავდაცვის ძალების უფრო მდგრად და ნატო-სთან თავსებად ძალად ჩამოყალიბების საქმეში.

NATO-საქართველოს კომისიის სხდომის ფარგლებში ალიანსის წევრი ქვეყნების სამხედრო მეთაურებმა საქართველოს დელეგაციისაგან მიიღეს ინფორმაცია საქართველოს სტრატეგიულ პარტნიორ, აშშ-სთან გაფორმებულ საქართველოს თავდაცვისა და შეკავების გაძლიერების ინიციატივასა და საქართველოს საწვრთნელი შესაძლებლობების განვითარების მიმართულებით საერთაშორისო მხარდაჭერის მნიშვნელობაზე.

NATO-ს წევრი ქვეყნების სამხედრო მეთაურებმა აღნიშნეს ქართველი სამხედროების დიდი წვლილი ალიანსის საერთაშორისო მისიებში და მადლობა გადაუხადეს საქართველოს საერთაშორისო უსაფრთხოებაში შეტანილი კონტრიბუციისთვის.

თავის მხრივ, გენერალ-მაიორმა გიორგი მათიაშვილმა ხაზი გაუსვა საქართველოს მზადყოფნას განაგრძოს გლობალური უსაფრთხოების უზრუნველყოფაში წვლილის შეტანა“, - ნათქვამია თავდაცვის უწყების ინფორმაციაში.

ცნობისთის, NATO-ს სამხედრო კომიტეტის შეხვედრები ბრიუსელში, ბელგიაში 12-13 იანვარს გაიმართა, სადაც უმაღლესი სამხედრო ორგანოს წარმომადგენლებმა ალიანსისთვის სტრატეგიული მნიშვნელობის საკითხები განიხილეს.