დანიაში რისკჯგუფებს კოვიდვაქცინის მეოთხე დოზას შესთავაზებენ

დანია კოვიდვაქცინის მეოთხე დოზას რისკჯგუფებსა და დაუცველ მოქალაქეებს შესთავაზებს.

დანიის მოსახლეობის დაახლოებით 55% „ბუსტერ“ დოზით აცრილია.

დანიის ჯანდაცვის მინისტრმა მაგნუს ჰეუნიკემ განაცხადა, რომ მეოთხე დოზით ყველაზე დაუცველი ჯგუფები, მათ შორის, იმუნიტეტ დაქვეითებულები აიცრებიან.

ჰენიკემ არ დააკონკრეტა, როდის დაიწყებენ მეოთხე დოზის შეთავაზებას 5,8 მილიონიან ქვეყანაში.

როგორც მინისტრმა აღნიშნა, მიუხედავად იმისა, რომ „ომიკრონი“ უფრო ნაკლებად საშიშია, ვიდრე ადრე „დელტა“ ვარიანტი, ის არანაკლებ საზიანოა.

16 იანვრის დასაწყისიდან დანია შეამსუბუქებს ზოგიერთ შეზღუდვას, რომელიც დაწესდა კოროვირუსზე, რადგან კანონმდებლები შეთანხმდნენ, რომ ხელახლა გახსნიან კინოთეატრებს, გასართობ პარკებს, მუზეუმებსა და თეატრებს. ასევე დაიშვება მაყურებელთა შეზღუდული რაოდენობა შიდა და გარე სპორტულ ღონისძიებებზე.

ცნობისთვის, კორონავირუსის ახალი ვარიანტი პირველად ნოემბერში სამხრეთ აფრიკაში გამოვლინდა. წინასწარი კვლევების თანახმად, მიუხედავად გავრცელების მაღალი შესაძლებლობებისა, „ომიკრონი“ შედარებით ნაკლებად მძიმე სიმპტომებს იწვევს, თუმცა ის ვაქცინების ეფექტიანობას ამცირებს.

„ომიკრონის“ მიმართ ვაქცინების ეფექტიანობის შემცირებაზე მიუთითებს Pfizer-ის კვლევაც, რომლის თანახმად, Pfizer/BioNTech-ის ვაქცინის მხოლოდ ორი დოზა შედარებით ნაკლებად იცავს ადამიანის ორგანიზმს, ვიდრე ეს „დელტა“ შტამის შემთხვევაშია შესაძლებელი. ანალოგიური შედეგი დაფიქსირდა სხვა ვაქცინების კვლევის შემთხვევაშიც. ამიტომ, სპეციალისტები მოსახლეობას „ბუსტერ“ დოზით აცრისკენ მოუწოდებენ.

წინასწარი კვლევით, „ომიკრონი“ სასუნთქ გზებში სწრაფად ვრცელდება, თუმცა ფილტვებამდე 10-ჯერ უფრო ნელა აღწევს. ამ დრომდე, ოფიციალურად სპეციალისტებს არ დაუდასტურებიათ, რომ ამ შტამის წინააღმდეგ ახალი ვაქცინაა საჭირო. თუმცა Pfizer-მა 10 იანვარს განაცხადა, რომ „ომიკრონის“ საწინააღმდეგო ვაქცინა მარტისთვის მზად იქნება.