აშშ-ის თავდაცვის მდივანს ლოიდ ოსტინსა და უკრაინის თავდაცვის მინისტრ ოლექსი რეზნიკოვს შორის სატელეფონო საუბარი გაიმართა.მხარეებმა რუსეთის მიერ უკრაინასა და მის გარშემო სამხედრო გაძლიერების საკითხი განიხილეს.
ამის შესახებ პენტაგონის სპიკერმა ჯონ კირბიმ განაცხადა.
„მდივანმა ოსტინმა კიდევ ერთხელ დაადასტურა აშშ-ის ურყევი მხარდაჭერა უკრაინის სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობისა და თავდაცვის შესაძლებლობების გაძლიერების მიმართ, თავდაცვის სფეროში დახმარების გაწევის გზით“, - აღნიშნა კირბიმ.
პენტაგონის წარმომადგენლის თქმით, თავდაცვის მეთაურებმა გამოხატეს მხარდაჭერა დიპლომატიური ძალისხმევის მიმართ, რომელიც მიმართულია დაძაბულობის დეესკალაციისკენ და მზად არიან, „განაგრძონ მჭიდრო კოორდინაცია“.